2006 წლის 3 მაისს, ავიაკომპანია Armavia-ს A320 ერევნიდან სოჭში მიფრინავდა. ბორტზე 105 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. რეისი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც უამინდობის გამო, დისპეჩერმა ეკიპაჟის მეთაურს სათადარიგო აეროდრომზე გაფრენა უბრძანა. მფრინავებმა განკარგულების შესრულება დაიწყეს, როდესაც უეცრად ბორტთან კავშირი გაწყდა.
ლაინერის გაუჩინარების ადგილას დაუყოვნებლივ მაშველები გაგზავნეს. ნახევარი საათის შემდეგ, მათ შავ ზღვაში, ნაპირიდან 6 კმ-ში თვითმფრინავის ფრაგმენტებს მიაგნეს. 113 ადამიანიდან არავინ გადარჩა. მაშინვე გაჩნდა მრავალი კითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემა მხოლოდ შავ ყუთებს შეეძლო.
ავიაციის გარირაჟზე ჰაერში ასვლას მხოლოდ თავზე ხელაღებულები ბედავდნენ. კატასტროფები ხშირად ხდებოდა. თუმცა ენთუზიასტები რისკზე დაუფიქრებლად მიდიოდნენ. გასული საუკუნის 50-იან წლებში რეაქტიული ეპოქა დაიწყო. გაზრდილ სიჩქარესთან ერთად, რეაქტიულმა ავიაციამ ახალი საფრთხეებიც მოიტანა.
1953 წლის მაისში ქალაქ კალკუტიდან 50 კმ-ში ბრიტანული რეაქტიული ლაინერი "კომეტა" ჩამოვარდა. ცოტა ხანში ხმელთაშუა ზღვაში კატასტროფა კიდევ ერთმა ასეთმა თვითმფრინავმა განიცადა. აშკარა გახდა, რომ კატასტროფის მიზეზების დასადგენად, თვითმფრინავის ბორტზე სპეციალური მოწყობილობის არსებობაა აუცილებელი. მისი შექმნის იდეა, ავსტრალიელ დევიდ უორენს ეკუთვნის. პირველი შავი ყუთი 1956 წელს დამზადდა.
პროფესიულ ენაზე, შავ ყუთებს საფრენოსნო მონაცემების რეგისტრატორებს ან საბორტო თვითჩამწერებს ეძახიან. ტერმინი - შავი ყუთი - მეტსახელია. სინამდვილეში ის არც შავია და არც ყუთის ფორმა აქვს. ასეთ მოწყობილობებს ნარინჯისფრად ან წითლად ღებავენ, რომ კატასტროფის ადგილას პოვნა გამარტივდეს. რაც შეეხება ფორმას, საბჭოური შავი ყუთები უმეტესად სფეროსებრია, დასავლური კი - ცილინდის ან პარალელეპიპედის ფორმის.
საბორტო ჩამწერები ორნაირია - ხმოვანი და პარამეტრული. ეს უკანასკნელი ეკიპაჟის კაბინაში მდებარეობს. ის საუბრებს და ნებისმიერ ხმას აფიქსირებს. პირველი შავი ყუთები სწორედ ხმის ჩამწერები იყვნენ. ინფორმაცია ბაბინებზე დახვეულ მაგნიტურ ფირზე იწერებოდა. მაგრამ კატასტროფისას, განსაკუთრებით კი ხანძრის დროს, ფირი ადვილად ნადგურდებოდა.
ალტერნატივის სახით სპეციალისტებმა ტიტანის მავთული აირჩიეს. მისი სისქე 50 მიკრონია. შედარებისთვის, ადამიანის თქმის ღერის სისქე 40-დან 110 მიკრონამდე ვარირებს.
პარამეტრული თვითჩამწერებს, თვითმფრინავის შედარებით ყველაზე უსაფრთხო ადგილას, კუდში ამონტაჟებენ. ის ლაინერის აბსოლუტურად ყველა სისტემის პარამეტრებს აფიქსირებს და იწერს. აფრენიდან დაშვებამდე შავი ყუთები შეუჩერებლივ მუშაობენ. 30-40 წლის წინ პარამეტრული შავი ყუთებიც ინფორმაციას მავთულზე იწერდნენ. თანამედროვე საფრენ აპარატებზე, მის ნაცვლად ელექტრონული ჩიპი გამოიყენება.
შავი ყუთების მიმართ წაყენებული მთავარი მოთხოვნა გამძლეობაა. ინფორმაციის ჩამწერი მოწყობილობა ფოლადის კარკასზე მაგრდება და სპეციალური ქაფით იფარება. შემდგომ კონსქტურქცია 10 მმ-ის სისქის დაჯავშნულ კორპუსში იდება. დარტყმების გარდა, შავმა ყუთმა მაღალ ტემპერატურასაც უნდა გაუძლოს. თანამედროვე ნიმუშები 1500-1600 გრადუსზე არიან გათვლილნი.
სომხური "ეირბასის" ჩამოვარდნის ადგილას ზღვის სიღრმე ნახევარი კოლომეტრია. ეს შავი ყუთების პოვნის ალბათობას ამცირებდა. მაგრამ ავტორებმა ყველა შემთხვევა გათვალისწინეს. შავ ყუთებზე სპეციალური რადიოშუქურა აყენია, რომელიც მუშაობას წყალში მოხვედრისთანავე იწყებს. ის 30 დღის განმავლობაში ფუნქციონირებს.
მაშველებმა შავი ყუთები ზედაპირზე რობოტებით ამოიყვანეს. რამდენიმე კვირიანი შრომის შემდეგ, ექსპერტებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ეკიპაჟის შეუთანხმებელი მოქმედება დაასახელეს.
ნებისმიერი ავიაკატასტროფისას, მიზეზის დადგენა აუცილებელია. ამიტომაც მაშველები პირველ რიგში სწორედ შავ ყუთებს ეძებენ. ავიაციის ისტორიაში მრავლადაა შემთხვევა, როდესაც შავი ყუთებიდან გაშიფრული ინფორმაციის საფუძველზე, საფრენი აპარატების კონსტრუქციაში ცვლილებები შეიტანეს, მფრინავებმა კი ახალი ინსტრუქციები მიიღეს.
კატასტროფები ფრენების განუყოფელი ნაწილია. თუმცა მრავალი ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ ფრენები გაცილებით უსაფრთხო გახდეს. სანამ უარს იტყოდეთ თვითმფრინავით ფრენაზე, გაითვალისწინეთ, რომ სტატისტიკით, 1 საავიაციო კატასტროფაზე 9,000-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოდის.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ