სამართალდამცველებმა ანი ნადარეიშვილის ძმა, ვლადიმერ ნადარეიშვილი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ანი ნადარეიშვილმა განუცხადა.
"სახლის ჩხრეკაზე მოვიდნენ და იქიდან გავიგეთ, რომ დაკავებულია. ანუ თვითონ არც დაარეკინეს. ჩემს ძმას მანქანა დაზღვეული ჰყავს სადაზღვევო კომპანია "ალდაგში". გამოძიება ედავება, რომ ვისთანაც ჰქონდა ხელშეკრულება დადებული, ვინმე გელაშვილთან, თურმე ის ჩაისვა მანქანაში, ვინაიდან სადაზღვევომ ფული არ გადაუხადა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსების ტერიტორიაზე გაასეირნა. თურმე იქ დაემუქრა და მოიყვანა უკან. მას ბრალად ედება თავისუფლების აღკვეთა, მუქარა და გამოძალვა – ეს სამი მძიმე მუხლი წაუყენეს", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დაზუსტებით არ იცის, თუმცა როგორც ეუბნებიან დაკავებული ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.