"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ტერორისტები ბოინგ 777-ის ჩამოგდების დეტალებზე საუბრობენ და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ტრაგედიის შემდეგაც არ შესწევთ უნარი, მკაცრი შეფასება მისცენ მომხდარს და რუსეთი გააკრიტიკონ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი. საუბარი უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ არის ჩაწერილი, რომლის დროსაც ერთმანეთს იგორ ბეზლერი, იგივე ბესი თავის კურატორ, რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკ, ვასილი გერანინს ბოინგის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას აწვდის. საუბრიდან ცნობილი ხდება, რომ სროლა ტერორისტების და პრორუსი სეპარტისტების მიერ კონტროლირებადი ჩერნუხინსკის ბლოკ-საგუშაგოდან განხორციელდა, სადაც კაზაკები არიან დისლოცირებული. ტერორისტები ტელეფონზე თვითმფრინავის დათვალირების შედეგებზეც საუბრობენ.
"ეს საუბრები საქართველოს ხელისუფლებას მოსმენილი აქვს. დახოცილი ბავშვების კადრებიც ნანახი აქვთ. შუა ზაფხულში სამოგზაუროდ წასული სხვადასხვა ეროვნების მშვიდობიანი მამაკაცები, ქალბატონები, ბავშვები, ოჯახები, რომლებიც რუსების უკრაინის დაპყრობისთვის ომთან შეხებაშიც არ იყვნენ და პუტინმა ისინი დახოცა. ყველა მიხვდა, რომ ამ ომთან და პუტინთან ყველა შეხებაშია. დაწყებული მის მიერ ძებნაში გამოცხადებული ჩემნაირი ხალხიდან, უცოდველი თოთო ბავშვებით დამთავრებული. გაჩნდა შანსი, რომ სამასი მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლის ხარჯზე მსოფლიომ ეს ბოროტება დაასრულოს. მაგრამ ეს მხოლოდ კეთილი ერთობითაა შესაძლებელი და არა საკუთარი სკამის გადარჩენის იმედად მიწაში თავის ჩარგვით. არადა, უსუფაშვილიდან დაწყებული ქართველი ხალხის რჩეულთა უმრავლესობას დღეს დილიდან სწორად გადაკუზულ-მიწაში თავჩარგულებს ვუყურებთ. საკუთარ სიტყვებზე მკაცრი კონტროლით - ვაი და "ურთიერთობა დამთბარ" ხაზეინებზე რამე არ წამოსცდეთ. არაფერი დამინახავს, არაფერი გამიგია, არავის დაუმტკიცებია... შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო, ნათქვამია. ეს ომი მთელი ნათელი სამყაროსია. ეს ბოროტებასთან სამარადჟამო ომია. ეს პირველ რიგში ჩვენი, საქართველოს ომია. ჩვენ ამ ომში ვიბრძოლებთ. კეთილი, როგორც ყოველთვის, სძლევს ბოროტს. ჩვენ მოგერევით, ბატონო ვოლსკი, ბატონო ზაქარეიშვილო. ჩვენ ამას თქვენს გარეშე ვიზამთ, ბატონო უსუფაშვილო, ბატონო ალასანიავ და სხვა მთრთოლვარე თავჩარგულებო. საქართველო იქნება თავისუფალი და საყოველთაო თავისუფლებისთვის შეწირულთა სულებს უფალი მოჰგვრის სიმშვიდეს", - წერს თარგამაძე.
17 ივლისს, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვრიდან 50 კმ-ში, ავიაკომპანია Malaysia Airlines–ის კუთვნილი Boeing 777-200ER ჩამოაგდეს. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ავიალაინერის ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ინცინდენტი თბილისის დროით 17:20-ზე მოხდა.