თუკი საქმე არ გაიხსნა, მნიშვნელობა არ აქვს გამოძიება რა მუხლით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა გუშინ ეროსი კიწმარიშვილის სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ის გარემოებები, რომელიც ამ დრომდე ექსპერტიზაში გამოიკვეთა, ასევე რაზეც ახლობლები საუბრობენ, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან.
"ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს რამდენიმე საათით ადრე, არ აწყობს გეგმებს და ამას არ აცნობს მეგობრებს. ასევე, ფარეხში ღვედგადაკრული ფარებანთებულ ავტომობილში არ იკლავს თავს. უცნაურია, რომ სისხლის კვალი იარაღზე არ არის აღმოჩენილი. მგონია, რომ გამოძიება უნდა დაელოდოს ექსპერტიზის დასკვნებს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მოხდება მუხლის დაკვალიფიცირება. მნიშვნელოვანია ის ახალი გარემოება, რომ 42 ტყვია არის აღმოჩენილი, რომლის წარმოშობა არ არის ცნობილი. ალბათ ეს ტყვიები არ შეუძენია, თორემ ესეც მის სახელზე იქნებოდა რეგისტრირებული. მთავარია საქმე გაიხსნას. ერთობლივი მტკიცებულებების შედეგად თუკი საქმე არ გაიხსნა, მნიშვნელობა არ აქვს რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.