ტერორისტები რუსეთის დახმარებით ცდილობენ, დონეცკის ოლქში ჩამოგდებული ”მალაიზიური ავიახაზების” თვითმფრინავის დაცემის ადგილიდან ნივთმტკიცებები გაანადგურონ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის მთავრობა აკეთებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მიერ მართული ტერორისტები არ აძლევენ საშუალებას უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და უარს აცხადებენ შემთხვევის ადგილზე შეუშვან საერთაშორისო უწყებები და უცხოური სახელმწიფოების წარმომადგენლები. ტერორისტებმა ქალაქ დონეცკის მორგიდან 38 დაღუპულის ცხედარი გამოიყვანეს. გამოკვეთილი რუსული აქცენტის მქონე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი თვითნებურად ჩაატარებენ გაკვეთას.
ტერორისტები აგრეთვე ეძებენ მსხვილი გაბარიტების ტრანსპორტს თვითმფრინავის ნაწილების რუსეთის ტერიტორიაზე გადასატანად.
”უკრაინის მთავრობა ოფიციალურად აცხადებს: ტერორისტები, რომელთაც ეხმარება რუსეთი, ცდილობენ გაანადგურონ ამ საერთაშორისო დანაშაულის მტკიცებულებები. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და მოვუწოდებთ, რომ აიძულონ რუსეთი, გაიწვიონ თავიანთი ტერორისტები და უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტებს ტრაგედიის გარემოების გამოკვლევის საშუალება მისცენ. საერთაშორისო დამნაშავეებს ეს არ ეპატიებათ, როგორც არ ეპატიებათ იმათ, ვინც ამ ტერორისტებს ავარჯიშებდა, აფინანსებდა და აწვდიდა იარაღს” - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის მთავრობამ შექმნილი სიტუაციის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის ქვეყნები და აშშ. მთავრობამ უზრუნველყო აუცილებელი ტექნიკური საშუალებები, გამოძიებისთვის საჭირო პერსონალი და სამედიცინო ექსპერტები. თუმცა ამჟამად ტერორისტული ჯგუფები მათ მუშაობას შეუძლებელს ხდიან.