ბლუზის ლეგენდა, გამორჩეული გიტარისტი ჯონი ვინტერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1944 წელს შტატ ტექსასში დაბადებულმა ვინტერმა პოპულარობა 1968 წელს მოიპოვა, როდესაც მაიკ ბლუმფელდის კონცერტზე მსმენელის გასახურებლად დაუკრა. იმ საღამოს ვინტერის დაკრულმა ”ქალამბია რექორდსის” ყურადღება მიიქცია, რომლის მესვეურებმაც მალევე გაუფორმეს კონტრაქტი მუსიკოსს. მას იმ დროისთვის ყველაზე მაღალი ანაზღაურება 600 000 დოლარი გადაუხადეს.
ამის შემდეგ ვინტერმა 20 ალბომი გამოუშვა. კრიტიკოსებს და მსმენელს იზიდავდა მისი ენერგიული დაკვრის მანერა. ვინტერს მიღებული აქვს გრემის 7 ნომინაცია. ჟურნალმა ”როლინგ სთოუნმა” ის ყველა დროის საუკეთესო გიტარისტთა შორის 63-ე ადგილზე დაასახელა.
სოლო კარიერის გარდა, ვინტერი იყო მადი უოლტერსის სამი ალბომის პროდუსერი. მისმა მოღვაწეობამ მუსიკალური პროდუსერის ამპლუაში მუსიკოსს სამი გრემი მოუტანა.
ვინტერი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი, რომელმაც 1969 წელს ვუდსტოკის ფესტივალზე დაუკრა. მას აგრეთვე ჰყავს ძმა, მუსიკალური ლეგენდა ედგარ ვინტერი.
ჯონი სიკვდილამდე აქტიურად იყო მუსიკით დაკავებული. მას ჰქონდა დაანონსებული საზაფხულო ტური და 7 სექტემბერს ალბომის გამოშვებას აპირებდა.