დონეცკის ოლქში მალაზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777"-ის ავიაკატასტროფის შედეგად "ბიბისის" ყოფილი ჟურნალისტი გლენ ტომასი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 49 წლის გლენ ტომასი ამჟამად მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობდა და მელბურნში, შიდსის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიემგზავრებოდა.
"ტელეგრაფის" ინფორმაციით, გლენ ტომასის გარდა, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე დაახლოებით 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც მელბურნში, შიდსის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიემგზავრებოდნენ.
მალაიზიის ავიახაზების ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 9 ბრიტანელი იმყოფებოდა.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.