ლუგანსკის ოლქში ტერორისტებმა წუხელ ადგილობრივ აეროპორტზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს.
მისივე თქმით, ტერორისტებმა "გრადიდან" ცეცხლი გაუხსნეს ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს. დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად უკრაინელ ძალოვანთა შორის მსხვერპლი არ არის.
"თავდასხმა მოხდა ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების დივერსიული ჯგუფის კოლონაზე. დანაკარგები არ გვაქვს. საპასუხო ცეცხლის შედეგად მინიმუმ 3 დივერსანტი გავანადგურეთ", - დაწერა დიმიტრი ტიმჩუკმა "ფეისბუქზე".
მისივე ინფორმაციით, წუხელ ტერორისტები ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების კიდევ რამდენიმე ბლოკპოსტს დაესხნენ თავს.
მომზადებულია www.liga.net-ის მიხედვით.