როდესაც ადამიანი მიდის თვითმკვლელობამდე, ამაზე დიდი უბედურება არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების თაობაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მინისტრი ყველას მოუწოდებს, იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება, უმრავლესობა თუ უმცირესობა, ზომიერება გამოიჩინონ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.
"გუშინაც ვთქვი და დღესაც ვიტყვი, რომ როდესაც ადამიანი, როგორც ჩანს, მიდის თვითმკვლელობამდე, ამაზე დიდი უბედურება არაფერია. ამიტომ მინდა კიდევ უფრო დიდი გულწრფელობით მივუსამძიმრო ოჯახს და ყველას, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, უმრავლესობა თუ უმცირესობა, გამოიჩინონ ზომიერება, რადგან მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, კვალიფიკაციას ადგენს პროკურატურა და თუ მოახდენს კვალიფიკაციის ცვლილებას, ეს ნორმალურია.
"გამოძიება შეიძლება დაიწყოს ერთი მუხლით, შემდეგ კი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ ეს მუხლი გადაკვალიფიცირდეს. ამაში არაფერი არ არის განსაკუთრებული და ეს ვერ დაედება საფუძვლად რაღაც ტიპის სპეკულაციებს. გამოძიება მიმდინარეობს, პირველადი ნიშნები გვიჩვენებს, რომ საქმე უნდა გვქონდეს იმასთან, რაც თქვა ექსპერტიზამ, რომ მიბჯენით ნასროლია და სერიოზულად დაზიანებულია თავის ქალა. ეს არის ფაქტი, რომელიც არის დადგენილი. ამის კვალიფიკაციას და სხვა ფაქტებს დაადგენს საგამოძიებო ორგანო და შეიძლება კვალიფიკაცია შეიცვალოს, შეიძლება - არა. ყველამ თავი შეიკავოს სპეკულაციებისგან, რადგან სამართლებრივი კვალიფიკაცია არავის საქმე არ არის, ეს არის პროკურატურის უფლებამოსილება და დავაცადოთ მუშაობა. ასევე ვაცალოთ ოჯახს, რომ სიმშვიდეში შეებრძოლოს ძალიან დიდი უბედურებას", - განაცხადა წულუკიანმა.