პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის თანაგუნდელები და საარჩევნო შტაბის წევრები დაიკითხნენ. ამის შესახებ Ambebi.ge-ს ეროსი კიწმარიშვილის საარჩევნო შტაბის წევრმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გიორგი ხევიაშვილმა განუცხადა.
ხევიაშვილის თქმით, წუხელ პროკურატურაში ის და შტაბის კიდევ რამდენიმე წევრი დაკითხეს. გიორგი ხევიაშვილმა განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეროსი კიწმარიშვილი ავტოფარეხში მანქანაში გარდაცვლილი ნახა.
"პროფესიონალები მუშაობენ, ძალიან ბევრ ვერსიაზე იყო თავიდან მუშაობა, თავისთავად ცხადია გამოიკვეთა ერთი და ამ ვერსიაზე ჩამოყალიბდნენ. ძალიან მძიმე ღამე იყო ყველასთვის. ბოლოს ორშაბათს ვნახე დილით, ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა, ვისადილეთ მასთან სახლში და არაფერი, ისეთი განსაკუთრებული ვერსია მე არ მიჩნდება. შტაბში რაღაც გარკვეული შეფერხებები იყო, რომელიც მოგვარებადი პრობლემები იყო," - განაცხადა გიორგი ხევიაშვილმა.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს გარდაიცვალა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #37-ე "დ" კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მათივე ცნობით, მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა).
"შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ მანქანაში აღმოჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა. მომხდარი ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე სრულყოფილი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი.
ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება მომხდარის სხვადასხვა ვერსიები. გამოძიების შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ მოგვიანებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.