გიორგი კარბელაშვილი - მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა მოგვიტანოს

გიორგი კარბელაშვილი - მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა მოგვიტანოს

მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა, ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა მოგვიტანოს, - ამის შესახებ განცხადებას "საქაერონავიგაციის" ყოფილი ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი აკეთებს. კარბელაშვილი მიმართავს მთავრობას, კარგად შეისწავლონ აღნიშნული თვითმფრინავების ისტორია.

როგორც კარბელაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მესტიის აეროპორტი ურთულეს აეროპორტად ითვლება და თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა L-410 ტიპის თვითმფრინავების საქართველოში ფრენაზე, რადგან ის წარმატებული თვითმფრინავი არ არის.

"დღეს მედიით შევიტყვე, რომ მესტიის მიმართულებით ფრენები დაიწყო, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან გამოდიოდა, რომ მესტიაში ამხელა ინვესტიციები ჩაიდო და ფრენები გაჩერებული იყო, მაგრამ გავიგე კატასტროფული რამ, რომ ფრენებს ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავი განახორციელებს. როდესაც ოთხი წლის წინ ჩვენი მთავრობა განიხილავდა, თუ რა თვითმფრინავს ეფრინა მესტიაში, საუბარი იყო აღნიშნულ ჩეხურ თვითმფრინავზე, მაგრამ როდესაც თვითმფრინავი შევისწავლეთ, გაირკვა, რომ ეს არის ყველაზე საშიში თვითმფრინავი მსოფლიოში. უსაფრთხოების არანაირ ნორმებს არ აკმაყოფილებს. როცა ქვეყანა წინ მიდის, ამ თვითმფრინავის შემოყვანა შეურაცხყოფაა. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს ამას. ამ თვითმფრინავის ფრენამ შეიძლება უბედურება მოგვიტანოს. თავის დროზე უცხოელმა ექსპერტებმაც გვითხრეს, რომ ეს თვითმფრივანი არ არის კონტროლირებადი. მას სულელ თვითმფრინავს ეძახიან. 1991 წელს მოხდა ოთხი ტრაგედია, ტრაგედია მოხდა 1992 წელს, რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში ჩამოვარდნილია, ექვსჯერ მოხდა ტრაგედია 2003 წელს, 2004-ში ჩამოვარდა კილიმანჯაროზე, სამი ჩამოვარდა აფრიკაში. თავის დროზე ჩამოვარდა სოხუმში, ჩამოვარდა ფოთში და ამას მოჰყვა ტრაგედია. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა კატასტროფა შეიძლება მოპყვეს მათ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია L-410 ტიპის, ჩეხური თვითმფრინავის ფრენას მესტიის მიმართულებით", - აცხადებს გიორგი კარბელაშვილი.

მისივე თქმით, "წინა ხელისუფლების დროს დაქირავებული იყო ყველაზე წარმატებული კანადური კომპანია, თუმცა ეს ფრენები წელიწადნახევრის წინ შეწყდა".

დღეს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ნატახტარის აეროდრომზე, თბილისი-მესტია-თბილისის ავიარეისის ამოქმედება ოფიციალურად გამოაცხადა. ამასთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "სერვის ეირმა" ჩეხურ კომპანიასთან პარტნიორობით საქართველოში ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავი შემოიყვანა, რომელიც მესტიის მიმართულებით შეასრულებს რეისებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია