საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ მიემართება. ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალურ ნაწილს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ოჯახისთვის სამძიმრის გამოსახატად მივიდნენ ყოფილი თანამდებობის პირები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.
ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციები და უცხოელი სტუმრები, მათ შორის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე კანცლერი ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი, თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფარუქ ჩელიქი, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ოკტაი ასადოვი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1928 წლის 25 იანვარს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა.
1959 წელს დაამთავრა ქუთაისის წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად. 1972-1985 წლებში იყო საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი, 1985-1990 წლებში - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი იყო. თანამდებობიდან ის "ვარდების რევოლუციის" შედეგად გადადგა.
ედუარდ შევარდნაძე 1995 წლის ნოემბერში ხმების 74%-ით აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. 2000 წლის 9 აპრილს, კი ედუარდ შევარდნაძე ხმათა 82%-ით მეორე ვადით იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად. მასზე სამჯერ განხორციელდა თავდასხმა, მათ შორის 1992 წელს აფხაზეთში, 1995 წელს საქართველოს პარლამენტის შენობის ეზოში, 1998 წელს კი, რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.
ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში 7 ივლისს გარდაიცვალა.
იხილეთ ფოტოგალერეა