საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შესახებ ბლოგი გამოაქვეყნა. მინისტრი პატივს მიაგებს გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნას და წერს, რომ ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.
როგორც წულუკიანი წერს, კარგია, რომ ყოფილი პრეზიდენტი "ვარდების ხელისუფლების" სცენიდან გაყვანას, ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მოესწრო.
"ცვლილება და სიახლე მეც ისევე მსურდა, როგორც სულ ყველას მაშინ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის შემცვლელად მიშა არ მინდოდა. თუ რატომ, დღეს არ გვინდა ამაზე. არ მიყვარდა და არ მიყვარს პარლამენტში შესვლის კადრები, სადაც ტრიბუნაზე ავარდნილი პირტიტველა ბაჩო ახალაია მოჩანს თავმოწყვეტილი ვარდის ეკლიანი ღეროთი ხელში და ხანში შესული პრეზიდენტის დარბაზიდან გაყვანას ზეიმობს. კარგია, რომ 11 წლის შემდეგ, "ვარდების ხელისუფლების" ჩვენ მიერ სცენიდან გაყვანას, ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ყოფილი პრეზიდენტი მოესწრო. ევროკავშირის გაფართოებაო, შევარდნაძე რომ იტყოდა 90-იან წლებში, ახალგაზრდა "საგარეოშნიკი" ვიყავი და მეღიმებოდა მაშინ, არ მჯეროდა… ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ამაზე უცხოეთში ყველა ბევრს საუბრობს და მომავალში კიდევ მეტს ისაუბრებს. ჩვენი ქვეყანა მან პირველმა დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და თავისი რეპუტაციით "აიძულა" მაშინდელი უცხოელები,დაენახათ საქართველო მსოფლიო რუკაზე. მან დაამარცხა ქუჩაში მორბენალი კალაშნიკოვები და სტუდენტებს უნივერსიტეტის გზაზე უსაფრთხოდ სიარულის საშუალება მოგვცა. ყველაზე დიდი ოპონენტებიც კი მას უშიშარ და გამჭრიახ პოლიტიკოსად იხსენიებენ, რომელმაც იმ დროის საერთაშორისო ურთიერთობები მთლიანად შეცვალა. სწორედ ეს შევა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში, როგორც ქართული", - წერს წულუკიანი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში დღეს დაკრძალავენ.