მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ერთ-ერთია სასულიერო პირთა შორის, რომელიც მრევლთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს Facebook-ს. ის არ ერიდება საზოგადოებისთვის აქტუალურ სხვადასხვა თემებზე მოსაზრებების საჯაროდ დაფიქსირებას, ამჯერად კი მორიგ მიმართვაში ჰომოსექსუალებს, მეძავებს, ნარკოტიკების მომხმარებლებს, მკვლელებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს მიმართავს. ტექსტს Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ჰომოსექსუალებო, დადექით ჰომოსექსუალიზმზე მაღლა! მეძავნო და მრუშნო, დადექით მეძავობაზე და მრუშობაზე მაღლა! ნარკოტიკების მომხმარებელნო, დადექით ნარკომანიაზე მაღლა! ლოთნო, დადექით ლოთობაზე მაღლა! მპარავნო და მკვლელნო, დადექით მპარავობაზე და მკვლელობაზე მაღლა!
ეს ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სინანულსა და წარსულის დატოვებას გულისხმობს. სინანული და წარსულის დატოვება ქრისტეში ყოფნაა და პარალელურად, მათთან ყოფნას ნიშნავს, ვინც იმ ცოდვაშია, რა ცოდვაზე მაღლაც დადგა ვინმე.
ცოდვაში მყოფთან თუ არ ჩახვედი, მას ვერ ამოიყვან იქიდან, ჩამოკიდებულს თუ ვერ მისწვდი, მას ვერ ჩამოხსნი, ყველაფერზე მაღლა დგომა და, ამავე დროს, ყველაზე და ყველაფერზე მსახურება ქრისტეში ყოფნა და ქრისტეს მსახურებაა. ვისაც სიყვარული უყვარს, მას ქრისტე უყვარს, ვისაც ცოდვა სძაგს, მას ქრისტე უყვარს, ვისაც ქრისტესთან მისვლა უნდა, მას ქრისტე უყვარს, ვისაც სხვისი ქრისტესთან მიყვანა სურს, მას ქრისტე უყვარს. ქრისტეს სიყვარული სიყვარულის სიყვარულია! ღმერთმა დაგლოცოთ, მომიხსენიეთ ლოცვებში" - წერს მღვდელმონაზონი.