ფოიერვერკი გერმანული სიტყვაა და ფერად-ფერადი შუშხუნების გაშვებას ნიშნავს. ის ძირითადად სადღესასწაულო განწყობილებას მოჰყვება ხოლმე და ძალიან ამშვენებს. ძალიან უხდება ახალ წელს, ისე, რომ ამის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ეს დღესასწაული.
შუშხუნები კარგია და აუცილებელიც გამორჩეულ დღეებში - მართლა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს ცაში აჭრილი მრავალფერი ცეცხლის ნაპერწკალი, მაგრამ თბილისელები დამეთანხმებიან, რომ ფოიერვერკის სიხშირემ და ინტენსივობამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო. მით უფრო, ძველი უბნების ტერიტორიაზე, სადაც უამრავი ბარ-რესტორანია თავმოყრილი. მისი მეპატრონეები კლიენტებს სიამოვნებას ფოიერვერკითაც ანიჭებენ და ეს გასაგებია...
მაგრამ ძველი თბილისის ტერიტორია, განსაკუთრებით სოლოლაკი, სიონის უბანი, მეიდანი მოგეხსენებათ, ისეთი ხანდაზმულია, ძლივს უდგას სული, ამასთან, ისეთი სახლებითაა დაკომპლექტებული, ზოგიერთის აღდგენა რომ ვერც ხერხდება. მათ დანგრევას ერთი ხელის კვრაც ჰყოფნის. ჰოდა, ამ უბნებსა და მათ მცხოვრებთ ყოველ საღამოს, ბარისა და რესტორნის მეპატრონეებისგან "წამალივით" აქვთ გამოწერილი გვარიანი შეყანყალება... ალბათ ფოიერვერკი კლიენტის "მომსახურებაშიც" შედის, მაგრამ კლიენტიცა და მეპატრონეც ამ დროს ნებსითა თუ უნებლიედ დამნაშავე ხდება - აზიანებს შენობებს და საფრთხეს უქმნის თანამოქალაქეებს.
ეს ყველაფერი გასულ კვირას ძველ თბილისში, კერძოდ, სოლოლაკში ერთ თბილისურ ეზოში სტუმრად მყოფმა საკუთარ თავზე გამოვცადე, - საღამოს მაგიდასთან ვისხედით სტუმარიცა და მასპინძელიც და მოულოდნელად ისეთი საოცარი აფეთქების ხმა შემოგვესმა, კედლები ისე შეაზანზარა, მეგონა, სადღაც სიახლოვეს უთუოდ რაღაც ჩამოინგრა-მეთქი. ღამის 11 საათი იქნებოდა, ფანჯარაში გავიხედეთ, - ცა ფოიერვერკით იყო განათებული. მასპინძელმა მითხრა, - ყოველ საღამოს ასეთი გულისხეთქვა გვაქვსო.
უბედურება ის არის, რომ ბარი და რესტორანი მრავალია და ამ სანახაობას სოლიდურობისთვის, ყოველ ღამე თითქმის ყველა აწყობს და წარმოგიდგენიათ, რას უძლებს საუკუნოვანი სახლები... მოკლედ, ყოველი ფოიერვერკი თითოეულ სახლში ახალგაჩენილ ბზარი და ჭერიდან ჩამოცვენილი ბათქაშია...
მოკლედ, გაზულუქებული თბილისელების ნაწილის სიამოვნების ხარჯზე ხალხს თავზე ჭერი ექცევა... თუმანიანისა და ლესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს მერიის სპეციალურ სამსახურს და პასუხად ის მიიღეს, რომ ძველი თბილისის ეს ტერიტორია ტურისტული ზონაა და ეს ყველაფერი ტურიზმის განვითარებისთვის არის საჭიროო. ამიტომაც ძველი უბნების საწყალი მობინადრეები იმის გამო, რომ ამ დარგის განვითარებას ხელი არ შეეშალოს, იტანჯებიან და უბრალოდ ითმენენ(!)წუხან იმაზეც, რომ ყოველ ასეთ გასართობ დაწესებულებაში მუსიკა მაღალ ხმაზეა ჩართული (ხშირად შენობის გარეთ ცოცხლადაც მღერიან). ეს ამბავი განსაკუთრებულად ღამის 11 საათიდან იწყება და ღამის 3-4 საათამდე გრძელდება. როგორც თუმანიანის ქუჩის მაცხოვრებელები ამბობენ, ამ ყველაფრის გამო დაძინების უფლება ღამის 4 საათიდან გვაქვს და სამაგიეროდ, "ხელს ვუწყობთ" ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასო...
ეს ამ ამბის ერთი მხარეა. მეორე და მნიშვნელოვანია ის გახლავთ, რომ ქვეყანაში, რომელსაც ამდენი მათხოვარი, უმუშევარი, უსახლკარო და ემიგრანტი ჰყავს, ყოველ ღამე რა ეფოიერვერკება?!.
ალბათ დროა, თუ არ დაგვიანდა კიდეც, თბილისის საკრებულომ, მერიამ და ვისაც ეს ეხება, ამ საკითხზე სერიოზულად იფიქროს და რადიკალური იმოქმედოს...
მაგალითად, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქში საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე ფოიერვერკისა და მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება აიკრძალა. აკრძალვა არ იმოქმედებს ახალი წლის დღეებში 31 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, რაც შეეხება კონცერტებს და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, პიროტექნიკის გამოყენება მხოლოდ მერიის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი. აკრძალვის დამრღვევი გარემოსთვის ზიანის მიყენების ბრალდებით დაჯარიმდება.
ლალი ფაცია
სპეციალურად Ambebi.ge-სთვის