რაში დახარჯავს მოგებულ თანხას თორნიკე ყიფიანი და რას ფიქრობს თამთა გოდუაძის მუსიკაზე - "X ფაქტორის" გამარჯვებულის პირველი კომენტარი

რაში დახარჯავს მოგებულ თანხას თორნიკე ყიფიანი და რას ფიქრობს თამთა გოდუაძის მუსიკაზე - "X ფაქტორის" გამარჯვებულის პირველი კომენტარი

თორნიკე ყიფიანი მაყურებელმა "იქს ფაქტორიდან" გაიცნო. თორნიკეს ჰყავს ორი მუსიკალური ჯგუფი, რომელთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე უკრავდა. პოპულარობა "იქს ფაქტორმა" მოუტანა და გამარჯვებულიც გახდა.

- თორნიკე, რა ემოცია დაგეუფლა, როცა "იქს ფაქტორის" გამარჯვებულად დაგასახელეს?

- ძალიან გამეხარდა, როცა გამარჯვებულად გამომაცხადეს. მქონდა გამარჯვების იმედი, თუმცა სხვა შედეგისთვისაც მზად ვიყავი. საბედნიეროდ ჩემი გულშემატკივრების დახმარებით გავიმარჯვე და მადლობა მათ.

- ვინ მიგაჩნდა ყველაზე ძლიერ კონკურენტად?

- მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ სხვის დაწერილ სიმღერას ვმღერი, ჩემსას ვდებ სიმღერაში და შემოქმედებაში კონკურენცია არ მიმაჩნია სწორად. ყველა ძლიერი კონკურენტი იყო. სანამ "იქს ფაქტორში" მოვიდოდი, მანამდეც მუსიკოსი ვიყავი, ვცდილობდი მუსიკით მეცხოვრა, რაც გავაკეთე, მუსიკაზე იყო მიბმული. ბარებში ვუკრავდი ჩემს ჯგუფთან ერთად. ასევე ვმონაწილეობდი პროექტში "მაგთიფანი".

- პოპულარობისთვის გადაწყვიტე "იქს ფატორში" მონაწილეობის მიღება?

- აქამდე მეგონა, რომ კონკურსებში შემბოჭავდნენ და ჩემი რაღაცების გაკეთების საშუალებას არ მომცემდნენ, მაგრამ ორივე პროექტში ითვალისწინებდნენ ჩემს სურვილს. "მაგთიფანში" მეგობარმა მიმიყვანა, "იქს ფაქტორში" კი მეუღლემ მთხოვა და მივედი. იყო სიმღერები, რომლის შესრულებაც არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, ჩემებურად ვიმღერე და კარგი გამოვიდა. ერთობლივად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიონალის აზრი არ გაითვალისწინო. პირიქით, ჩემი მენტორის თამთა გოდუაძის და მანანა მორჩილაძის რჩევები  მსიამოვნებდა.

- მანამდე რა იცოდი თამთას შესახებ, იცნობდი თუ არა მის შემოქმედებას და რა ისწავლე მისგან?

- არაფერი ვიცოდი მასზე, "იქს ფაქტორში" გავიცანი. ძალიან, ძალიან, კარგი ადამიანია. მე ჩემი შეხედულებები მაქვს მუსიკაზე, მინდა საკუთარი თავი მოვსინჯო როგორც ელექტრონულ, ასევე ექსპერიმენტულ მუსიკაში. თამთასაც აინტერესებს ასეთი რამ, მაგრამ რამდენად ვემთხვევით გემოვნებით, არ ვიცი.

- თამთა რასაც მღერის, მოგწონს?

- ხარისხიანი მუსიკა აქვს, მაგრამ რასაც მღერის, ჩემი სტილი არ არის.

- რას ნიშნავს "იქს ფაქტორის" გამარჯვებულის ტიტული?

- "იქს ფაქტორში" გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩემი მუსიკით მივაღწიო რაღაცას საქართველოში და არ მომიწიოს საზღვარგარეთ სიარული. თურქეთში წასვლა აღარ მომიწევს და ბედნიერი ვარ ამით. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარში დამიდგა.

- მაყურებლის 67 %-მა დაგიჭირა მხარი, შენი აზრით რითი დაიმსახურე ამდენი ადამიანის მხარდაჭერა...

- ამაზე ვერ გიპასუხებთ. ხალხს ჰკითხეთ.

- თვლი თავს ყველაზე ნიჭიერად?

- უხერხული შეკითხვაა, ვერ გიპასუხებთ.

- სცენის მიღმა როგორ ცხოვრობ?

- არქიტექტორი ვარ, მაგრამ მუსიკით ვცხოვრობ. ორი ჯგუფი მყავს. თბილისში ივენთებზე ვუკრავდით. მუსიკაა შემოსავლის წყაროც და შეგრძნებების გამოხატვაც. მყავს ცოლი და ორი შვილი. 3 წლის ლილე და 4 წლის ლაზარე. ისინი ძალიან მგულშემატკივრობდნენ. მეუღლე ყველანაირად ცდილობდა დამხმარებოდა, როგორც შეეძლო.

- რაში დახარჯავ მოგებულ 30 ათას?

- პროფესიული განვითარებისთვის გამოვიყენებ. სიმღერებს ჩავწერ ხარისხიანად. ბოლო პერიოდში აქეთ-იქეთ მიწევდა სიარული. თურქეთში მყავს ჩემი ჯგუფი და სასტუმროებში ვუკრავდით. საქართველოში რთულია თავის გატანა. ოჯახი მყავს, ჩემი თავი მე აღარ მეკუთვნის, ოჯახის წევრებზე უნდა ვიზრუნო, ამის გამო ბევრ მუსიკოსს, მათ შორის მეც მიწევს საზღვარგარეთ, კერძოდ თურქეთში მუშაობა. მუსიკით ვშოულობდით ფულს, მაგრამ ჯობია ისევ შენს ქვეყანაში აკეთო საკუთარი საქმე.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება