''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონის ფინალზე ჩვენი ყურადღება, ცეკვებისა და შოუს სხვა ელემენტების გარდა, მიიპყრო სოფო შევარდნაძემ. არ ვიცით, აქამდე რატომ არავის შეუმჩნევია ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ სოფიკო შევარდნაძის ხელზეც გაჩნდა ''მისტიკური წითელი ძაფი'', რომელიც მსოფლიო ვარსკვლავებს ''ამშვენებთ'' და რომელიც კაბალურ მიმდინარეობასთან მათ კუთვნილებას ადასტურებს.
ვინც არ იცის, მათთვის ავხსნით, რომ კაბალა ეზოთერული მიმდინარეობაა იუდაიზმში, რომელიც XII საუკუნეში გაჩნდა და განსაკუთრებული პოპულარობა XVI საუკუნეში მოიპოვა. თუმცა ის პოპულარობა ნამდვილად ვერ შეედრება იმ საყოველთაო ''ისტერიკას'', სხვას ვერაფერს დავარქმევთ, რაც გამოიწვია თანამედროვე შოუბიზნესურ თუ სხვა სფეროს გამოჩენილი ადამიანების წრეში.
კაბალისტური იდეები ჩანს ხორხე ლუის ბორხესის, უმბერტო ეკოს, მილორად პავიჩის შემოქმედებაში, ხოლო ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო წარმომადგენელი მადონაა, რომელიც არასდროს მალავდა ამ ამბავს და თავისი შვილებიც კაბალისტებად აქცია.
ბოლო პერიოდში კაბალისტები რუსეთშიც მომრავლდნენ. მაჯაზე წითელი ძაფები, რომლებსაც კაბალისტები იბამენ, რაც კაბალით გატაცების მაგიური სიმბოლოა და თითქოსდა შურისა და საფრთხისგან იცავს მფლობელს, თანდათან გაუჩნდათ ვერა ბრეჟნევას, ფილიპ კირკოროვს, ქსენია სობჩაკს...