ორი წელია, რაც თიკო ციცვიძე საინფორმაციო სააგენტო ''ინტერპრესნიუსში'' ფოტოგრაფად მუშაობს. მისი ყოველდღიურობა პოლიტიკური მოვლენებითა და სოციალური თემებით არის დატვირთული, რადგან ჟურნალისტებთან ერთად ყოველთვის მთავარი ნიუსების ეპიცენტრშია. მის ფოტოარქივში ნაკლებად ნახავთ გადაპრანჭულ მოდელებსა და გლამურულ ფოტოებს, სამაგიეროდ, პოლიტიკოსები და ქართული არმია ყველაზე დიდ ადგილს იკავებს.
- 25 წლის ვარ, მაგრამ წლების წინ პროფესიად ფოტოგრაფია არ ამირჩევია. ჰუმანიტარული ფაკულტეტი დავამთავრე და ამის შემდეგ ფოტოგრაფიაში მასტერკლასები გავიარე. დედას ძალიან უყვარდა სურათების გადაღება, ალბათ, ამანაც იქონია გავლენა. საქართველოში ციფრული ფოტოაპარატის შემოსვლის შემდეგ მეგობრებისგან ვთხოულობდი და ისე ვიღებდი სურათებს. ძირითადად იმას, რაც ჩემი სახლის აივნიდან ჩანდა, ჩიტებს, ბავშვებს, ბუნებას (იღიმის)... ფული შევაგროვე, მეგობრებიც დამეხმარნენ და მალე საკუთარი ფოტოაპარატი შევიძინე. - ქუჩის ფოტოგრაფია თუ იყო შენს ცხოვრებაში?
- ნაკლებად, არ მიყვარს, როდესაც ქუჩაში დადიან და ბავშვებს ან იმ ადამიანებს იღებენ, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ. ფოტოგრაფად მუშაობა ორი წლის წინ ''ინტერპრესნიუსში'' დავიწყე. თავიდან ცოტა გამიჭირდა. კარგად მახსოვს პირველი გადაღება, რედაქციაში სტუმრად კახი კალაძე მოვიდა. მეორე გადაღებაზეც გამიჭირდა, მაშინ ვიფიქრე, რომ მუშაობას ვერ შევძლებდი. როდესაც ფოტორეპორტიორი ხარ, კარგი კადრის გამო ყველაფერზე უნდა წახვიდე, შეიძლება, ვიღაცაზე გადახტომამ ან ხეზე ასვლამ მოგიწიოს. მეგონა გამიჭირდებოდა, მაგრამ ძალიან მალე შევეჩვიე. საერთოდ, პრესკონფერენციებზე ფოტოგრაფები ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ.