ედუარდ შევარდნაძის ბოლოთქმა, ანუ ბარათი შთამომავლობას: "ამ წიგნშია ის, რაც შევძელი და რაც - ვერა"

ედუარდ შევარდნაძის ბოლოთქმა, ანუ ბარათი შთამომავლობას: "ამ წიგნშია ის, რაც შევძელი და რაც - ვერა"

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს კრწანისის რეზიდენციაში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. Ambebi.ge გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მემუარებიდან, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა 2006 წელს გამოსცა.

ედუარდ შევარდნაძე, "ფიქრი წარსულსა და მომავალზე"

ბოლოთქმა, ანუ ბარათი შთამომავლობას

ამ ბარათს ჩემი თანამედროვეებისა და შორეული შთამომავლობისთვის ვწერ, ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე, კრწანისის ჩემს რეზიდენციაში. თბილისური შემოდგომის თბილი დილაა, საოცარი სიწყნარეა ირგვლივ, თითქოს ფოთლების გადაჩურჩულებაც ისმის, გინდა გაირინდო და სამყაროს სიჩუმეს ყური მიუგდო, სამყაროს დიდსა და მდუმარე ფიქრს, რომელიც საუკუნეების სიღრმიდან მოდის და საუკუნეების იქით გრძელდება, ჩვენ კი, ამქვეყნად დროებით მოსულთ, მხოლოდ ის დაგვრჩენია, ამ მიმქროლავ წამში გავირინდოთ და ვიგრძნოთ მისი სიდიადე. ეს არის და ეს.

მოგონებათა ამ წიგნში ჩემი დროის, მსოფლიოს, ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახის, ჩემი საქმის, ჩემი თანამებრძოლების, მტრებისა და მეგობრების შესახებაა მოთხრობილი. მინდა მკითხველმა იცოდეს, რაც იყო და როგორც იყო. ისტორიული მეხსიერების გარეშე ხომ არც აწმყო არსებობს და არც მომავალი.

იყო დრო, როდესაც ვფიქრობდი, რომ ცივი ომის დამთავრებას, სამხედრო ბლოკების დაპირისპირების დაძლევას, საბჭოთა კავშირის ურთიერთობათა დათბობას დასავლეთთან თუ მსოფლიოს სხვა რეგიონებთან, გერმანიის გაერთიანებას, საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაციას, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას სამუდამო თუ არა, ხანგრძლივი და გარანტირებული მშვიდობა მაინც მოჰყვებოდა. თითქოს ასეც ჩანდა, მაგრამ ეს ამოსუნთქვა დროებითი და ხანმოკლე გამოდგა, ერთი ტიპის კონფლიქტებს, მეორე ტიპის კონფლიქტები ჩაენაცვლა. მართალია, "ბოროტების იმპერია" დაინგრა, მაგრამ მის მიერ მსოფლიოში დატოვებულმა ნაღმებმა პერმანენტულად დაიწყეს აფეთქება ზუსტად გათვლილ ადგილსა და დროში, უპირატესად საბჭოთა იმპერიის ადგილზე წარმოშობილ სახელმწიფოებში. თხუთმეტია ასეთი სახელმწიფო, დემოკრატიის თავისი გაგებითა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების თავისი ძნელი გზით.

ჩემი საქართველო ამ თხუთმეტიდან ერთ-ერთია და მისი აწმყო და მომავალი ჩემთვის იმ ტკივილად და დარდად რჩება, რომელიც სიბერეს გაუსაძლისს ხდის, რადგან ვეღარაფერს შევცვლი, საფრთხეებს თავიდან ვერ ავიცილებ. ახალ დროს ახალი ადამიანები სჭირდება.

ამ წიგნმა იქნებ ჩააფიქროს ამ ყოველივეზე ის ჩვენი ლიდერები, რომელნიც ხვალ მოვლენ ახალი ქვეყნის შემოქმედად, თავიანთი ხალხების გამორჩეულ წარმომადგენლებად, ფორმალურ თუ არაფორმალურ ხელმძღვანელებად, თავიანთი დროისა და ქვეყნის ინტერესთა საუკეთესო გამომხატველებად, მსოფლიო ცნობიერების ადამიანებად. მათ სრულად უნდა გაიაზრონ წარსული, რომ აწმყოს მართვა და მომავლის განჭვრეტა შეძლონ. მათ უნდა ი ც ო დ ნ ე ნ, რომ ახლანდელ თუ მომავალ პრობლემათა და საფრთხეთა ნაწილი ლოკალურია და მხოლოდ ჩემი ქვეყნითა და ხალხითაა ზღვარდადებული, მაგრამ არის პრობლემები და საშიშროებანი, რომელთაც გლობალური ხასიათი აქვთ და ჩემი ქვეყნის გარდა მთელ მსოფლიოს ემუქრებიან, მეტიც, უკვე ახლა იმ უბედურებად გვევლინებიან, ასიათასობით ადამიანის სიცოცხლეს რომ იწირავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებში.

ასევე დაგაინტერესებთ | ექს-პრეზიდენტის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

რა იქნება ორმოცდაათი-ასი წლის შემდეგ? როგორი იქნება მსოფლიო? როგორი იქნება მსოფლიოს დემოგრაფიული და პოლიტიკური სახე? როგორი იქნება ადამიანი? რას იტყვიან ჩვენი შთამომავალნი წარსულსა და ჩვენზე?

ბევრი რამ, რაც დღეს დიდ ვნებათაღელვას იწვევს, ალბათ არც დააინტერესებთ, ბევრი რამ ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ორ პწკარში ჩაეტევა, ზოგჯერ სულაც მშრალ სტატისტიკურ ინფორმაციად (`2005 წელს ცუნამიმ, ქარიშხლებმა და წყალდიდობებმა აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში ასიათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა ამ რეგიონების ქვეყნებსა და მსოფლიოს ეკონომიკას~) და გლობალური დათბობით გამოწვეული ამ კატასტროფის პიროვნული ტრაგედიები მაშინ აღარავის შეძრავს, მათთვის ძალზე შორეული და სტატისტიკური ხასიათის იქნება ეს ყოველივე. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, იმ ხუთი პწკარის წამკითხველიც შეიძლება აღარ დარჩეს. 2005 წლის მოვლენები დიდი გაფრთხილებაა მსოფლიო წარღვნის წინ, ისევე, როგორც გაფრთხილებაა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი.

დღევანდელ მსოფლიოს, სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული რეალობა სრულად გააზრებული არა აქვს, იგი ბრმა სიჯიუტითა და უფრო დიდი ინტენსივობით აგრძელებს იმ საქმიანობას, რაც გლობალური დათბობის ეფექტს უფრო და უფრო დამანგრეველსა და შეუქცევადს გახდის: ერთნაირად გაწყდება ყველა, ყველა თაობის ადამიანი, ყველა რელიგიის აღმსარებელი, კეთილიცა და ბოროტიც, ჯანმრთელიცა და ავადმყოფიც, ქალი და კაციც, ტერორისტიცა და ტერორიზმის მომავალი მსხვერპლიც.

გამოსავალი აქ ერთადერთია - ყოველი ადამიანისთვის, ყოველი სახელმწიფოსთვის, მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის, გაეროსთვის, იუნესკოსთვის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გლობალური დათბობის პრობლემა უპირველეს სასიცოცხლო პრობლემად უნდა იქცეს, ყველა რესურსი უნდა მოხმარდეს ამ მოვლენის შეჩერებას და გლობალური დათბობის თავიდან აცილება პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა დაკანონდეს - ყველასათვის, ყველგან და ყოველთვის.

უნდა შედგეს მსოფლიო პროგრამა - თავისი მეცნიერული ეკონომიკური და ფინანსური უზრუნველყოფით, უნდა შეიცვალოს თავად ადამიანთა ცხოვრება, ბუნებისგან გაუცხოება უნდა შეცვალოს ბუნებასთან ერთობის განცდამ. ჩვენ დავივიწყეთ ის, რაც იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და უნდა აღვიდგინოთ ეს ყოველივე.

ასევე დაგაინტერესებთ | როგორ გამოიყურებოდა ედუარდ შევარდნაძე სიცოცხლის უკანასკნელ წლებში (+6 ფოტო)

ეს არის პრობლემათა პრობლემა, რომელსაც უკვე თქვენ უნდა მოერიოთ - ოცდამეერთე საუკუნის თაობები, განსხვავებული მენტალიტეტის, განსხვავებული შესაძლებლობების, განსხვავებული პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები.

მსოფლიოს მომავალზე ბედის განმსაზღვრელ გავლენას იქონიებს მეორე გლობალური საკითხი - დემოგრაფიული პრობლემა, რომელსაც უკვე თავისი კორექტივები შეაქვს მსოფლიო გადანაწილებაში, რასებისა და ცივილიზაციათა ბედში. უმართავი დემოგრაფიული პროცესები ოცდამეერთე საუკუნეში შიგნიდან ააფეთქებს ადამიანურ ცივილიზაციას, რადგან სარეცელზე მოპოვებული გამარჯვებანი თუ დამარცხებანი ფაქტობრივად განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს და აქ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ვის რა წვლილი აქვს შეტანილი კაცობრიობის ისტორიაში, როგორია მისი ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური პოტენციალი, ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო მდიდარი და ა.შ. ევროპას, ისევე როგორც რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიას და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოს, დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება და მათი კულტურა, ამ კულტურათა წარმომადგენლებთან ერთად მოისპობა, თუ რაღაც პრინციპულად არ შეიცვალა და რაღაცამ რადიკალურად არ იმოქმედა ამ პროცესზე.

საქართველოსაც და ქართულ კულტურასაც იგივე ემუქრება. დემოგრაფიული მონაცემებით `დღეისათვის საქართველოს მოსახლეობა ოთხ მილიონს შეადგენს. საბჭოთა კავშირის დროს 5 მილიონზე მეტი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით - 2025 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3.745 მილიონი იქნება, ხოლო 2050 წლისთვის - 2.756 მილიონი. რა იქნება 3000 წელს? ვიქნებით თუ არა?..

... იფიქრეთ, როგორ შეინარჩუნოთ ოჯახის, სიყვარულის, მეგობრობის, ადამიანურ ურთიერთობათა ეროვნული ტრადიციები, გაუფრთხილდით ეროვნულ თავისებურებებს, რისთვისაც მსოფლიოს მოსწონხართ, ნუ იქნებით შეუწყნარებელნი, მაგრამ ერის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, ეროვნული ფასეულობებისა და მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანხმობაში იცხოვრეთ, იმ ფასეულობათა შესაბამისად, რომელთაც თქვენი ქვეყანა და თქვენი ერი ოცდამეერთე საუკუნეში მოიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ | ედუარდ შევარდნაძის ცნობილი გამონათქვამები: "არ მინდა ისტორიაში შევიდე, როგორც სისხლისმღვრელი"

თქვენ ბედნიერები ხართ, რომ ღვთის ნებით სწორედ თქვენ მოევლინეთ ამ მშვენიერ ქვეყანას და ეცადეთ სრულად გამოავლინოთ თქვენში ღვთით ჩადებული მადლი, ეცადეთ იყოთ სანიმუშო წარმომადგენლები თქვენი ერისა, ისწავლეთ თქვენი ქვეყნის და სხვა ხალხების სიყვარული და თქვენს შთამომავლობასაც ასწავლეთ.

***

ისიც მინდა იცოდეთ, რომ ქართულ ოჯახში ქალი ყოველთვის დაფასებული იყო თავისი ქალობის გამო, ხოლო კაცი თავისი კაცობის გამო.

ოჯახმა მოიყვანა საქართველო დღემდე.

სწორედ ოჯახია ღვთის მიერ შექმნილი შთამომავლობის გასაგრძელებლად და ერის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. გაუფრთხილდით მას და მის ღირსებას.

აი, ყველაფერი, რისი თქმაც მსურდა.

თქვენ წინაა ჩემი ცხოვრება და ჩემი დროც, ავიც და კარგიც.

ამ წიგნშია ის, რაც შევძელი და რაც - ვერა.

ჩემში ღვთივჩადებული ნიჭითა და უნარით მე მხოლოდ ის გავაკეთე, რისი საშუალებაც დრომ და გარემოებებმა მომცა და ღმერთსა ვთხოვ, ჩემზე მეტის გაკეთება თქვენ შეძლოთ თქვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, მსოფლიოსა და ადამიანებისთვის.

ეს წიგნიც ამ სურვილმა დამაწერინა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა