უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულმა ოპერაციამ მასშტაბური ხასიათი მიიღო. საბრძოლო მოქმედებებში უკვე აქტიურადაა ჩართული არტილერია და სატანკო დანაყოფები. მეამბოხეები უკრაინულ არმიას დიდ წინააღმდეგობას უწევენ და ტექნიკის და შეიარაღების შედარებით მცირე ნომენკლატურას ყველა შესაძლო საშუალებებით ზრდიან. საქმე სამუზუემო ექსპონატების და პოსტამენტებზე მდგარი ტანკების გამოყენებამდეც კი მივიდა.
ივნისის ბოლოს, მეამბოხეებმა, ქალაქ კონსტანტინოვკაში პოსტამენტზე, მემორიალის სახით მდგარი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოური ტანკის ИС-3 ამუშავება შესძლეს. შემდგომი დღეების განმავლობაში, დაახლოებით 68-70 წლის წინ გამოშვებული ტანკი ხელმარჯვე ოსტატებმა მწყობრში მოიყვანეს და უკრინული არმიის წინააღმდეგაც გამოიყენეს. არსებული ცნობებით, 30 მაისს მეამბოხეებმა პოსტამენტიდან მოხსნილი ИС-3, უკრაინული ძალოვანების საგუშაგოზე იერიშის მიტანისას გამოიყენეს.
ტანკის შეიარაღების შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება. ИС-3 122 მმ-იანი ქვემეხითაა აღჭურვილი და სპეციფიკურ ჭურვებს მოიხმარდა. ლულაში რიგ-რიგობით ჯერ ჭურვი, შემდეგ კი დენთის მასრა იდებოდა. ამ ტანკის საბრძოლო მასალა უკვე დიდი ხანი აღარ იწარმოება. სავარაუდოდ, ქვემეხის გამოუყენებლობის პირობებში, მეამბოხეებმა ტანკი ტყვიამფრქვევებით შეაიარაღეს.
რამდენიმე დღის წინ, ამწეების მეშვეობით მეამბოხეებმა პოსტამენტიდან კიდევ ერთი - Т-34-85-ის ტიპის ტანკი მოხსნეს. მოგვიანებით ინტერნეტში, ლუგანსკის ქუჩაში მოძრავი ამ ტანკის ვიდეორგოლიც კი გავრცელდა. გაკვირვებას ის ფაქტი იწვევს, რომ კუსტარული სახელოსნოების პირობებში, მეამბოხეებმა 68-70 წლის წინ გამოშვებული და ათწლეულების განმავლობაში პოსტამენტზე მდგარი ტანკების აღდგენა შესძლეს.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ისტორიაში მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა. 2006 წლის 26 ოტქომბერს, ბუდაპეშტში ანტისამთავრობო გამოსვლებისას, დემონსტრანტებმა სამუზეუმო ექსპონატად მდგარი ტანკის - Т-34-85-ის ამუშავება და მისი პოლიციასთან შეტაკებებში გამოყენება შეძლეს.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ
იხილეთ ვიდეო