მსახიობი კახა კინწურაშვილი სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია: უახლოეს დღეებში მამა გახდება. დაესწრება თუ არა შვილის დაბადებას, რას ამბობენ მასზე, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში და რას არ გააკეთებდა არანაირი თანხის სანაცვლოდ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1984 წლის 13 ოქტომბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. 5 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა დრამ-წრეზე შემიყვანეს. სცენაზე რომ დავდექი და ეს ჯადოსნური სამყარო შევიგრძენი, მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. აქტიური ბავშვი ვიყავი და ბევრ წრეზე დავდიოდი, მაგრამ ყველაზე დიდი ხალისით სცენაზე გავდიოდი. უბრალოდ, მაშინ ეს საქმე გაცილებით მარტივი მეგონა, ვიდრე არის.
- ჩემზე ამბობენ...
- ...კინწურა რამდენს მუშაობსო (იცინის)! არასდროს გამიგონია, ჩემზე ვინმეს ცუდი ეთქვას და ეს ძალიან მსიამოვნებს. ადამიანები მიყვარს და ვცდილობ, ჩემთან ურთიერთობა ყველასთვის კომფორტული იყოს. ალბათ ამიტომ ამბობენ, კარგი ადამიანიაო. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება: ვიღაცას ჩემზე უთქვამს, კახა არ "მევასებაო". ვინც ეს მითხრა, იმ ადამიანს ვთხოვე: ის კაცი გამაცანი-მეთქი. გაცნობის შემდეგ პირდაპირ ვკითხე: კი, მაგრამ რატომ არ "გევასები"-მეთქი? პასუხის ნაცვლად, ბოდიში მომიხადა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...შემიძლია, კარგი მეგობარი ვიყო.
- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ცოტათი ზარმაცი ვარ. ზოგჯერ მაქვს შეგრძნება, რომ ბოლომდე არ ვიხარჯები, რადგან საქმეების სამომავლოდ გადადება მჩვევია. ჰოდა, შინაგანად ამ თვისებას სულ ვებრძვი. საკუთარ თავთან დადებული პირობების შესრულება რთულია.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...თენგიზ ბიბილურს, ლილი იოსელიანს და ამირან ამირანაშვილს. ამ ადამიანებმა "სიღრმეში" შემიყვანეს და პროფესიისადმი პასუხისმგებლობა შთამაგონეს, მასწავლეს... გამოცდებს რომ ვაბარებდი, პატარა ბიჭი ვიყავი და ბევრი არაფერი ვიცოდი, თან - ძალიან ვღელავდი. გამოცდებიდან გამორჩეულად მახსოვს მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ისე დამელაპარაკა, ისე მომექცა, რომ ნერვიულობა მომეხსნა, რაც გამოცდებზე ჩემი წარმატების საფუძველი გახდა.
- ბედნიერი ვარ, როცა...
- ...სახლში ვბრუნდები, მხვდება მზიკა და თანაც - ორსული. ექიმთან ახლახან ვიყავით და ივლისის პირველ რიცხვებში ვაჟს ველოდებით. სახელად იოანე შევურჩიეთ. რომ გითხრა, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რაც მალე ჩემს ცხოვრებაში მოხდება-მეთქი, მოგატყუებ. მე და მზიკა დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ადამიანი უნდა აღვზარდოთ და რაც მთავარია, ისე უნდა აღვზარდოთ, რომ ნებისმიერ საკითხში აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდეს. შვილის პიროვნულ განვითარებას ჩემი შეცდომების გამოსწორებაზე არ ავაგებ. როგორც კი გვითხრეს, - ბიჭიაო, ყველა სახელი, რომელიც მანამდე მომწონდა, უფერული გახდა. დიდხანს ვიფიქრეთ, - რა უნდა დავარქვათ პატარასო? ვერაფერი შევარჩიეთ. ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად, გონებაში სახელი იოანე ამოტივტივდა. - მოგწონს-მეთქი? - ვკითხე მზიკას. - ძალიან მომწონსო. აი, ასე შევურჩიეთ სახელი.
- შვილის დაბადებას...
- ...აუცილებლად დავესწრები.
- სიყვარული ეს...
- ...ამაზე ბევრი მიფიქრია... ადამიანი ხომ მარტო იბადება და მარტო კვდება? ნებისმიერი ჩვენგანის სულში თუ გულში არსებობს ადგილი, სადაც თუ ვინმემ შემოაღწია, ჩამოგძახა, მერე იმ ძახილის ექო შენს თანამდევად იქცევა და სწორედ ეგ არის სიყვარული. გიყვარდება ადამიანი, რომელიც შენს მარტოობამდე მოაღწევს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...მჯერა, ამ ქვეყანაში სიმშვიდე იქნება. განწყობა, რომ "ქართველებს არაფერი გვეშველება", წარსულში დავტოვე. ადამიანს ხომ შეუძლია თავისი ცხოვრება შეცვალოს? ჰოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებასაც შეუძლია, ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს, უფრო მეტად განავითაროს.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...კარგ რეჟისორთან ერთად და კარგი სცენარის მიხედვით ფილმზე ვმუშაობდე. როგორ პერსონაჟს განვასახიერებდი? რომელიც იბრძვის, რომელსაც სტკივა, რომელსაც უყვარს...
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ვაანალიზებ, აღიარება არ მიჭირს. საბედისწერო შეცდომები არ დამიშვია. ტყუილი მითქვამს, მაგრამ არა - ბოროტი განზრახვით. ჩემი საქციელით არასდროს არავინ გამიმწარებია. შეცდომებზე ბევრი რამ მისწავლია. ცხვირის წატეხის გემოც ვიცი და ვფიქრობ, რომ არა ეს, ძლიერი ვერც ვიქნებოდი.
- ვიბნევი, როცა...
- ...პასუხის სწრაფად გაცემას მთხოვენ; არასდროს მივიღებ ისეთ გადაცემაში მონაწილეობას, სადაც ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აფასებენ. შეიძლება, ასეთ დროს ვერ ვუპასუხო კითხვას: რამდენია 2+2? და ძალიან სასაცილო ვიყო. ჩემს ამ თვისებას ვერაფერი მოვუხერხე.
- მეზარება...
- ...დილით ადრე გაღვიძება. ბავშვობაში სკოლაში წასასვლელად ადგომაც მიჭირდა, მაგრამ როცა მაქვს ვალდებულება, რომ დილის გადაცემა უნდა წავიყვანო, გამთენიისას, 6 საათზე ვდგები, 7-ზე ტელევიზიაში ვარ და თავს ვამზადებ იმისთვის, რომ კარგ განწყობაზე ვიყო. თეატრში ისეთი ანაზღაურება რომ მქონდეს, რომლითაც ოჯახის რჩენას შევძლებდი, დამიჯერე, სხვა სამსახურზე არც ვიფიქრებდი.
- ცხოვრებას ვილამაზებ...
- ...გარშემო მყოფი ადამიანებით. ამ ცხოვრებაში ადამიანებზე საინტერესო არაფერი მიპოვია.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...ჩოგბურთელი. ოჯახთან ერთად რამდენიმე წელი ყაზახეთში ვცხოვრობდი. მამას მეგობარს სკოლა ჰქონდა, სადაც ჩოგბურთზე დავდიოდი. მამამ ეკიპირება მიყიდა. სპორტის ამ სახეობამ ძალიან გამიტაცა. როცა ჩემი ოჯახის საქართველოში დაბრუნების საკითხი დადგა, მასწავლებელმა მამას სთხოვა, - იქნებ ეს ბავშვი დროებით მაინც დამიტოვოთ, კარგი მონაცემები აქვს და მენანებაო. მაგრამ აბა, სად დამტოვებდნენ? საქართველოში ოჯახთან ერთად დავბრუნდი.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ვარჯიშისთვის თავის მოუბმელობაა.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები და ასეთ დროს შეიძლება, ვინმეს არაადეკვატურიც მოვეჩვენო. მირჩევნია, ახლობლისგან გავიგო, - ამან და ამან შეგაქოო.
- მეშინია...
- ...ახლობელი ადამიანების დაკარგვის.
- ცხოვრებაში რისკზე...
- ...ბევრჯერ წავსულვარ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ფრთხილი ვარ. გადაწყვეტილებას ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო ხშირად ვიღებ, ვიდრე - გონებით. ცუდია, რომ ადამიანებმა თამაში შეიყვარეს. ადამიანების უმრავლესობა ერთმანეთთან თამაშობს, მე ყველა "ხოდს" ვხვდები, ვგრძნობ, ამიტომ თითოეულს ვეუბნები: "ნუ მეთამაშებით!" სიყალბე არ მიყვარს, მძაბავს. ამას გულწრფელი ურთიერთობა მირჩევნია.
- არ მჩვევია...
- ...ქუჩის, ბუნების დანაგვიანება და მიხარია, რომ ეს თვისება მაქვს. ვღიზიანდები, როცა ადამიანების დაუდევრობის მოწმე ვხდები.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ხელოვნების კომპლექსს გავხსნიდი. დიდ ტერიტორიას შევიძენდი, სადაც ავაშენებდი პავილიონებს, საგამოფენო დარბაზებს, მოვაწყობდი ველოსიპედით სასეირნო ბილიკებს, იქნებოდა პატარა ტბა, მუსიკოსებისთვის - კლუბები და კარგი აპარატურა. ეს ყველაფერი დღევანდელ თბილისს ძალიან აკლია. ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა და მათ განვითარების შესაძლებლობას მივცემდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...ვერავინ მაიძულებს, წავიდე პოლიტიკაში. პოლიტიკოსები არ მიყვარან. პიროვნულად არავის ვეხები, მაგრამ პოლიტიკა ცუდი თამაშია. რომ წაიკითხავენ, შეიძლება ბევრს ეწყინოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: ვერ ვხვდები, ხელოვანები პოლიტიკაში რატომ მიდიან? ზოგიერთს გულწრფელად სჯერა, რომ რაღაცას შეცვლის. თეატრის სცენა დიდი ტრიბუნაა და თუ ცვლილების სურვილი გაქვს, სცენიდანაც შეიძლება იბრძოლო.
- დაბოლოს, გეტყვით, რომ...
- ...საზოგადოება ძალიან პოლიტიზირებულია. ადამიანის იმით განსჯა, თუ "ვისისტია", აბსურდია. ყველანი პოლიტიკით ნუ ვიქნებით შეპყრობილები. ყველამ საკუთარი საქმე ვაკეთოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)