საქართველოს საგარეო უწყება რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან ერაყის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებს და ამ პროცესში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ განვითარებულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, იმედი აქვთ, რომ ერაყის მთავრობა და საერთაშორისო თანამეგობრობა წესრიგის აღდგენას და ტერორისტული საფრთხეების გაუვნებელყოფას შეძლებს.
რაც შეეხება გავრცელებულ რუქას, საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ "მისი რეალური წარმომავლობა დაუდგენელია, ძალიან არარეალისტური და არასერიოზული სცენარია და მსგავსი სპეკულაციის აყოლა მიუღებელია".
"კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და ეს არის აბსურდული გეგმა, რომელიც ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძვლებს ან უსაფრთხოების პოლიტიკის რაიმე ლოგიკას.
ამ ეტაპზე მთავარია და მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს რეგიონული აქტორების და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ტერორიზმის საფრთხის გასაუვნებელყოფად", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელწიფოს" მიერ შექმნილ ერთიანი ისლამური სახელმწიფოს რუკაზე საქართველოც მოხვდა. რუკაზე ასევე მოხვდა კავკასიის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი - არაბეთის ნახევარკუნძული, თურქეთი, ჩრდილოეთ აფრიკა თითქმის ცენტრალურ აფრიკამდე, აზიის დიდი ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი, ბალკანეთი, ყირიმი და ასევე პირინეის ნახევარკუნძული.
ექსტრემისტების თქმით, ერთიანი სახელმწიფო შარიათის კანონებზე იქნება დაფუძნებული.