არჩევნების მეორე ტური არაფერს შეცვლის, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის რეიტინგის შენარჩუნებაზე მუშაობენ, ნაციონალების პოლიტიკურ კუბოში ჩასარჭობი უკანასკნელი ლურსმანი ნიკა მელია სულაც არ არის, სამაგიეროდ, "მერი" ნარმანიაა "დედიკოს ბუშტი", 2016 წლისთვის ოცნება-ნაციონალები ერთ პოლიტიკურ ძალად მოგვევლინებიან, მოეთხე და მეხუთე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტიები, გაერთიანების შემთხვევაში, მეორე ადგილს დაიკავებენ, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები არ იქნება – ეს ირინა სარიშვილის შეფასებებია, რომელიც "ვერსიასთან" საუბრისას სხვა სკანდალურ პროგნოზსაც აკეთებს.
- სარჩევნო პასიურობის შეფასებას ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარით დავიწყებ - ე.ი. ხალხი გვენდობაო. რაც უნდა პარადოქსული იყოს, ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალი ერთ შემთხვევაშია – თუ იმას გულისხმობენ, რომ სახლში დარჩენილებმა იციან, "ოცნება" რეიტინგს მაინც ისე დაალაგებს, როგორც თავად სურს. ხალხის დიდი ნაწილი არჩევნებზე იმიტომ არ გავიდა, თავი მძიმე მდგომარეობაში აღარ ჩაიყენა. საზოგადოების რაღაც ნაწილი მიხვდა, "ოცნების" წარმატება ნაციონალების წარმატებას ნიშნავს. არჩევნების წინ, შეგნებულად, არანაირი მოწოდება არ გამიკეთებია და არც ის მითქვამს, რას ვაპირებდი. დღეს ხმამაღლა ვაცხადებ, რომ არც პირველ ტურში მიმიღია მონაწილეობა, არც მეორე ტურში ვაპირებ და ეს სწორედაც, ჩემი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი პოზიციაა: ჯერ ერთი, მნიშვნელობა არ აქვს, მიხვალ თუ არა არჩევნებზე და მეორე, ნაცები, და "მეოცნებეები" მაინც გარიგებულები არიან და საქმე მხოლოდ მათი გარიგების სხვადასხვა ვარიანტშია.
- რა ვარიანტებს გულისხმობთ?
- ერთი ის, რომ მერი ხდება ნარმანია, მაგრამ მას პროცენტით ძალიან უახლოვდება მელია. "ოცნების" რეიტინგის სწრაფ ვარდნას მხოლოდ ნაციონალების მაღალი რეიტინგი შეაჩერებს. ერთადერთი, რამაც "ოცნება" ხელისუფლებაში შეიძლება დატოვოს, ნაციონალების მიმართ დაუძლეველი სიძულვილია, ამიტომ რაც უფრო მყარი, მაგრამ არა სახელისუფლო რეიტინგი ექნებათ ნაციონალებს, "ოცნება" თავს მით უფრო მშვიდად იგრძნობს.
- ნაციონალების რეიტინგი და დაუსჯელობაც ისედაც "ოცნებას" ბრალდება და ამით რეიტინგს თავად არ კარგავს?
- რეალურად, ნაციონალების მაღალ რეიტინგს ხალხი "ოცნებას" აბრალებს, "ოცნება" - ხალხს და მოგებულები ისევ ნაციონალები არიან. ყოვლად უაზროა ისტერიკა, რომ ნაციონალების პოლიტიკურ კუბოში ჩასარჭობ უკანასკნელ ლურსმნად ნიკა მელიაღა დაგვრჩა და, თუ მასაც მოვიშორებთ, ნაციონალები აღარ იარსებებენ. არ ვიცი, რამდენად იდიოტად და ზომბირებულად უნდა მიგვიჩნევდეს ეს ხელისუფლება, რომ უნდა, მსგავსი რამ დაგვაჯეროს. იმ ხალხის მესმის, ვინც საკუთარ თავს გადააბიჯებს, მეორე ტურში მივა, ერთი ხელით მეორე ხელს დაიჭერს და თავს აიძულებს, ნარმანია შემოხაზოს. აი, მე რომ ხვალ მომჭრან, ჩემი მოჭრილი ხელიც კი არ შემოხაზავს ამ კაცს. უკვე დავიღალეთ ცუდსა და უარესს შორის არჩევით და თან, ჩემთვის ორივე კანდიდატი ერთმანეთზე უარესია. არ ვიცი "ოცნებამ" მეორე ტურზე საერთოდ თუ იფიქრა, მაგრამ, თუ ასე იყო გათვლილი, მაშინ ცუდ დასკვნამდე მივდივართ. ტრადიციულად, ივლისის ბოლოს ქალაქი დაცლილია. "ოცნების" მხარდამჭერები ამ დროს ზღვაზე იქნებიან, ნაციონალების კონცენტრირებულ და მოტივირებულ მხარდამჭერებს კი კაციც არ დააკლდება.
- მაშინ ის ვარიანტიც უნდა დავუშვათ, რომ მელია მერი გახდება. რა ხდება ამის მერე?
- მცირე, მაგრამ ამის შანსი მაინც არსებობს. შესაძლოა, "ოცნებამ" ასე არც გარისკოს, თუმცა ბერძენიშვილების, ხიდაშელებისა და უსუფაშვილების მონდომებით, ევროპას ხომ დემოკრატიის კლასიდან კლასში გადავყავართ და უცებ, მეორე კლასიდან მეშვიდეში გადავხტით, რადგან არჩევნების მეორე ტური დავნიშნეთ. თუ გვინდა, სკოლა გამოსაშვები გამოცდების გარეშე დაგვახურინონ, მაშინ მერი მელია უნდა გახდეს. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ხარბ, თავმოუბმელ და ერთმანეთთან შეურიგებელ ოპოზიციაზე, რომელმაც კიდევ ერთხელ ვერ მოახერხა საერთო კანდიდატზე შეთანხმება. მაშინ არც ეს ვითარება იქნებოდა და "ოცნება" მეორე ტურში ოპოზიციასთან წააგებდა, ამიტომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან საინტერესო ვითარება იქნება - "ოცნება" და ნაციონალები ერთ გუნდად შეიკვრებიან, ნებისმიერ სხვა სახელს, თუნდაც "ხათუნას" დაირქმევენ და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უკვე ფორმალურადაც ერთად მიიღებენ. ნაციონალების მიერ დაკავებული ოპოზიციის ნიშა კი გამოთავისუფლდება. ასე რომ, იგივე წრეში რომ არ დავტრიალდეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ დაიკავებს მეორე ადგილსა თუ ამ ოპოზიციურ ნიშას.
- ლოგიკურად, მესამე ძალამ უნდა აინაცვლოს ზევით და ეს ადგილი ბურჯანაძემ დაიკავოს. ეს იგივე წრეში ტრიალი არ იქნება?
- აქ უკვე დიდი მნიშვნელობა მეოთხე-მეხუთე ადგილებზე გასულ პარტიებს აქვს. აქვე, ერთ საინტერესო ამბავსაც გეტყვით: სოციალურ ქსელებში ჩემს აქტიურობას, თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით, 50 000-მდე დადებითი შეფასება მოჰყვა. ჩემი მოსაზრებები ყველა სააგენტომ და უამრავმა საიტმა აიტაცა. ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა "ოცნების" საარჩევნო შტაბიდან და მიმანიშნა, საზოგადოებაზე გავლენა გაქვთ და დიდი თხოვნა გვექნება, ეგებ, ამ წინასაარჩევნოდ გაჩუმდეთ და მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოთო. ვუპასუხე, თუ ასეთი გავლენიანი ვარ, აზრი მაშინ გეკითხათ, მერობის კანდიდატად ნარმანიას რომ ასახელებდით-მეთქი. ხალხი მართლა ნერვიულობს, წვალობს და საკუთარი ღირსების ფასად, ოღონდ მერი მელია არ გახდეს, ხმას ნარმანიას აძლევს. ყველაზე საწყენი ისაა, რომ თბილისს აბსოლუტურად უთავმოყვარეო, "დედიკოს ბუშტი" მერი ეყოლება!
- მეორე ტური რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, "ოპოზიციური შემოდგომა" უკვე გაწერილ-დაანონსებულია. ნინო ბურჯანაძის ალიანსის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნებით აღარ უნდა შეიცვალოს და აქციებს იწყებს. ეს ზოგად ვითარებას შეცვლის?
- ჯერ ერთი, იმ ხალხს, ვინც სახლში დარჩა, არც ნინო ბურჯანაძე უნდოდა. ეს სეგმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით არჩევნებში მონაწილემ, არ უნდა დაისაკუთროს. ნაციონალებსა და ხელისუფლებასთან ერთად, პასუხისმგებლობა დაქსაქსულმა ოპოზიციამაც უნდა გაინაწილოს. ამ მოცემულობით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების კამპანიის შემოდგომით დაწყებას აზრი არ აქვს. ვიდრე ორი მთავარი ძალა, ფორმალურად, ცალ-ცალკე სუბიექტად რჩება, ერთი ხელისუფლებად ითვლება და მეორე ოპოზიციად, მესამე ადგილზე გასული კი 10%-იანი შედეგით კმაყოფილდება, რიგგარეშე არჩევნები ვერაფერს შეცვლის. არასაპარლამენტო ოპოზიციამ თბილისშიც კი ვერ მოახერხა ერთიან კანდიდატზე შეჯერება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ შემოდგომაზე, თუ რომელიმე ძალა ქუჩაში გამოვა, ისევე მარტო დარჩება, როგორც ბურჯანაძე 26 მაისს. ქუჩის აქტიურობა, მაქსიმუმ, პოლიტიკური ფიგურების გადალაგებას დააჩქარებს და რეალურად, ბრძოლა ერთი მიზნისთვის გაიმართება - ვინ გავა მეორე ადგილზე. აქ უკვე თამაშში შემოდის დებიუტანტი პარტია, პატრიოტთა ალიანსი და მისი პოზიცია იქნება საინტერესო.
- ამ მოჯადოებული წრის გარღვევა ბოლო დროს გააქტიურებულ ჩოხიან, მრავალშვილიან, ფულიან ლევან ვასაძესაც არ შეუძლია?
- ლევან ვასაძის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დინების საწინააღმდეგო ასეთი მოსაზრებების საჯაროდ თქმა მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის ძალიან ცუდია. ვასაძე უგნური ადამიანი არ არის და არ მგონია, თუ პოლიტიკაში მოსვლა უნდა, ასეთი განცხადებები აკეთოს. გარდა ამისა, ვერ ვიგებ ხალხის დამოკიდებულებას – ადამიანი ცუდს არაფერს აკეთებს, ჩოხაც კარგია და მრავალშვილიანობაც, მაგრამ ამის მიღმა მაინც რაღაც ცუდს ვეძებთ და ეჭვი გვღრღნის. ეჭვის თვალით უყურებენ ვასაძესაც.
- იმიტომ, რომ ე.წ. პრორუსია და მისი გააქტიურება საეჭვო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, უელსის სამიტისა და ევრაზიული კავშირის შექმნის ფონზეა...
- თუ ეგრეა, ე.წ. პრორუსი მეც ვარ, მაგრამ ვარ?! ეს არის დაავადება, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირს. მანიაკური ეჭვები გვაქვს იმის მიმართ, ვისაც ჯერ არ მოუტყუებივართ, ხოლო მანიაკური ნდობა მაგალითად, "ოცნების" მიმართ, რომელმაც ერთხელ უკვე კარგად ჩაგვთხლიშა თავში და მოგვატყუა. სად არის აქ ლოგიკა?!
რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას – გიორგი მარგველაშვილის ადგილას, დელეგაციაში არჩასმა არც მეწყინებოდა. ჩვენი მთავრობის მიერ ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე წასვლა საბავშვო ბაღის ბავშვების დისნეი-ლენდში წაყვანას ემსგავსება. ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან პრემიერის ხელისმოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, იმდენი ხალხი გაყვა. ჩემთვის უკვე შემზარავია - ეს დიდი ხამობა, უნახაობა და ძალიან დიდი ქაჯობაა. ასეთი ამბავი რატომ უნდა აეტეხათ ზრდასრულ ადამიანებს თემაზე – ვინ წავა და ვის წაიყვანს?! არ მგონია, მარგველაშვილი იქ ნამყოფი არ იყოს, ამიტომ ამათთან ერთად წასვლას, მართლა სჯობს, მერე ცალკე წავიდეს დასასვენებლად. ამ კაცს ნელ-ნელა ისე აცლიან ფუნქციებს, როგორც ნაძვისხეს სათამაშოებს ნათლისღებამდე.
- ეს "ნათლისღება" საპრეზიდენტო არჩევნებია?
- ანდაც - საპარლამენტო... ვფიქრობ, ვინც სექტემბერში ქუჩის აქციებს აპირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, მისი რეალური მიზანი ეს არ არის. ნამდვილი მიზანია, ამ ორპარტიულ სპექტრში მეორე ძირითადი ადგილი დაიკავოს და ეს ლოზუნგი მომავალი კი არა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოიყენოს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რაიმე საშიშროებას დავინახავ, რომ ამ ქაოტურ აქციებს ერთი კაცი მაინც შეიძლება ემსხვერპლოს, აუცილებლად ყველა საშუალებას გამოვიყენებ ხალხის გასაფრთხილებლად - არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ინტერესს არ უნდა ემსხაუროს და, თუ ვინმეს რაიმეს გათამაშება უნდა, ეს დაბნეული და მშიერი ადამიანის კი არა, საკუთარი სისხლით გააკეთოს.
ნინო კომახიძე
გაზეთი "ვერსია"