პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები საჯარო სამსახურებში 6-თვიან სტაჟირებას გაივლიან. შესაბამის მემორანდუმს ხელი მთავრობის ადმინისტრაციამ, საჯარო სამსახურის ბიურომ და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა მოაწერეს.
როგორც "მთელ კვირასთან" საუბარში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ აღნიშნა ინიციატივის მიზანი საჯარო დაწესებულებაში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობაა, "ინიციატივის მიზანია შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა, ასევე საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება.
სტაჟირების ერთიანი სტანდარტის შემუშავება სახელმწიფო სექტორში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და საჯარო სამსახურში დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
ინიციატივის მიზანია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება, დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა, როგორც რეგიონებში მცხოვრები, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის", - ამბობს ნინო კობახიძე.
- პროექტი გათვლილია მხოლოდ სტუდენტებზე თუ კურსდამთავრებულებზეც?
- სტაჟირების პროგრამა გათვლილია სტუდენტზე, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი.
ასევე, პირი რომელიც სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე და სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, რაც დასტურდება GPA-ით (3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 8190%).
პროექტში მონაწილეობა აგრეთვე შეუძლია პირს, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც, სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა.
- როგორ მოხდება სტუდენტების შერჩევა, რა პრინციპით?
- სტაჟირების პროგრამა არ არის დაფუძნებული შერჩევითობაზე. ყველა სტუდენტი ან კურსდამთავრებული, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, სურვილის შემთხვევაში, გაივლის სტაჟირებას საჯარო დაწესებულებაში.
- დაახლოებით რამდენ სტუდენტს აიყვანენ?
- საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი საჯარო დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.
- სტაჟირებისთვის კანდიდატებს ვინ შეარჩევს?
- შერჩევა არ ხორციელდება: ყველა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, ვინც აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და ვისაც სურვილი ექნება საჯარო დაწესებულებაში გაიაროს სტაჟირება, ელექტრონულად დარეგისტრირდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე და სტაჟირებისთვის სასურველ უწყებას თავად აარჩევს.
- რომელ სამინისტროებში გაივლიან მსურველები სტაჟირებას?
- ყველა სამინისტროში, დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლილების გარდა. სტაჟირების პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (გარდა აღნიშნული სასამართლოების აპარატებისა), საქართველოს პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამხედრო სამსახურში, დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბსა და სახმელეთო ჯარებში სტაჟირების გავლის საკითხებზე.
- რა ხანგრძლივობისაა პროგრამა? სტაჟირების შემდეგ თუ მოხდება მათი დასაქმება?
- სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა 1-დან 6 თვემდე ვადას მოცავს. წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორს საჯარო დაწესებულება სერტიფიკატს გადასცემს.
რაც შეეხება დასაქმების შანსს, სტაჟირების პროგრამის მიზანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უწყობს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.
- როდიდან და სად შეძლებენ მსურველები რეგისტრაციის გავლას?
- საჯარო სამსახურში სტაჟირების მსურველები რეგისტრაციას 2014 წლის აგვისტოს თვეში დაიწყებენ. ელექტრონულად, სტაჯირება.გოვ.გე-ზე, ხოლო სექტემბრიდან სტაჟირების პირველი ნაკადის მიღება დაიწყება.
თეა ბეჟიტაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"