სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს ფოტოხელოვან რომან თოლორდავას მიერ გადაღებულ სურათებს. მისი ხელწერა განსხვავებულია, რადგან ულამაზესი ფერების გარდა, მის არქივში ბუნების მიუწვდომელი და წარმოუდგენლად ლამაზი ხედებია. როდესაც მის ფოტოებს თვალს გადაავლებთ, შეიძლება, ეჭვი შეგეპაროთ, რომ ეს საქართველოში ხდება... რომანმა არაერთი რთული გზა გაიარა, რომ ყველასთვის ეჩვენებინა ქართული ბუნების სილამაზე.
- რომან, პირველ რიგში, თქვენზე მოგვიყევით, ასაკი, პროფესია, როგორ მიხვედით ფოტოგრაფიამდე?
- ასაკით "ბებერი" ვარ, თითქმის 38 წლის (იღიმის). ფოტოებს ბავშვობიდან ვიღებ... 10 წლის ვიყავი, როცა ბაბუამ, რომელიც მეჯოგე იყო, ტობავარჩხილზე წამიყვანა, მაშინ იქ საქონელს აძოვებდნენ. მას შემდეგ სულ მინდოდა, ეს სილამაზე სხვებსაც ენახათ და მომდევნო წელს ფირიანი ფოტოაპარატი წავიღე, მაგრამ ვერ გადავიღე. ტექნიკა არ ვიცოდი. ბევრი რამის სწავლამ მომიწია შემდგომ წლებში, თუმცა ფოტოგრაფად ჩემი ჩამოყალიბება შესანიშნავი ადამიანისა და საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფოტომემატიანის - ბადრი ვადაჭკორიას დამსახურებაა.
- როდის გამოგივიდათ პირველი კადრის გადაღება?
- ისევ მთაში, ოღონდ იმ საოცარი შთაბეჭდილებიდან მესამე წელს. მახსოვს, ძალიან მეშინოდა, ფირი კიდევ არ გაფუჭებულიყო. როდესაც გამჟღავნებისას მითხრეს, რომ ბევრი კარგი კადრი გამოვიდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. პატარა საქმე ხომ არ იყო მთელი 16 კადრი...
- სად ცხოვრობდით, რა დროს ატარებდით ბუნებაში?
- განგებამ საოცარ ადგილას მარგუნა ცხოვრება. სამეგრელოში - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სადაც ბუნების მოყვარული ადამიანისთვის სწორედ რომ ოაზისია. ულამაზესი და წყალუხვი მდინარე ხობისწყალი, ხუთი ალპური ტბა, 60-ზე მეტი უფსკრული, მღვიმე და შახტი, კურორტი მუხური, მდინარე ღუნჯი და კირზალა - ულამაზესი ჩანჩქერების კასკადით...
იხილეთ სრულად