ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარი 90-დღიდან 15 დღემდე მცირდება. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძისა და მისი პირველი მოადგილის შალვა შავგულიძის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე მეტი. შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის ყველა იმ მუხლში, რომლითაც ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღეზე მეტხნიანი ვადაა განსაზღვრული.
როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ადმინისტრაციული წესით 90-დღიანი პატიმრობა პროპორციულობის პრინციპს არ შეესაბამება. მათივე თქმით, ამას ადასტურებს ევროპული და სხვა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, სადაც, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღეს არ აღემატება.
დღეს მოქმედი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" ადმინისტრაციული პატიმრობა დგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 90 დღემდე ვადით.