ახლად შექმნილი კახისა და ქურმუხის ეპარქიისთვის, სინოდის მიერ დადგენილი ეპისკოპოსის კურთხევა დროებით შეჩერდა.
წმინდა სინოდის მიერ ახლად დადგენილი მეოთხე ეპისკოპოსი, არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილის ეპისკოპოსად სვეტიცხოველში ხვალ უნდა ეკურთხებინათ, თუმცა კურთხევის პროცესი შეჩერდა. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ფაქტი არქიმანდრიტის შეხედულებებს უკავშირდება.
"ინტერპრესნიუსი" ფაქტთან დაკავშირებით პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. როგორც მამა მიქაელმა აღნიშნა, ამ საკითხზე კომენტარი სინოდის წევრებმა უნდა გააკეთონ.
"ამ საკითხზე კომენტარი სინოდის წევრებმა უნდა გააკეთონ. მე არ ვიცი. როგორც მე მითხრეს, მისი კურთხევა დროებით შეჩერდა", - დასძინა მამა მიქაელმა.
3 ივნისს გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე უცხოეთის ეპარქიებისთვის ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეირჩა. მათგან სამი, გერმანია-ავსტრიის ეპარქიისთვის არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი ეპისკოპოსად სვეტიცხოველში 11 ივნისს ეკურთხა; არქიმანდრიტი დოსიფე ბოგვერაძე ჰოლანდია-ბელგიის ეპისკოპოსად - 15 ივნისს, არქიმანდრიტი საბა ინწკირველი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად - 22 ივნისს.
ასევე სინოდის განჩინებით, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყოს ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნა ხორნაბუჯისა და კახისა და ქურმუხის ეპარქიები. კახისა და ქურმუხის ეპარქიაში კი წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი დაადგინა.
დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 48 მღვდელმთავარი.