ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე არ იმოქმედებს. ხაჯიმბას განცხადებით, მიუხედავად ამისა, აფხაზეთი უნდა დაკავდეს "სამხრეთ საზღვრის გაძლიერებით" და რუსეთთან ინტეგრაციით, როგორც "ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტიით". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს", -განაცხადა ხაჯიმბამ და განმარტა, რომ აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი რუსეთთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული.
როგორც ხაჯიმბა აღნიშნავს, ის, რომ ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, "ეს მისი პოლიტიკისადმი უნდობლობას იწვევს" და რეგიონში დაძაბულობას აძლიერებს.
"გარდა ამისა, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება მისი დასავლელი მოკავშირეების სრულ კონტროლქვეშაა. ეს კი გვკარნახობს ადეკვატური ზომების მიღების აუცილებლობაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და აფხაზეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვის კუთხით", - აღნიშნა ხაჯიმბამ. აქედან გამომდინარე, ის მიიჩნევს, რომ აფხაზეთმა უნდა გააძლიეროს ე.წ. საზღვარი საქართველოსთან და გააღრმავოს თანამშრომლობა რუსეთთან.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბრიუსელში 27 ივნისს მოაწერა.