რამდენიმე დღის წინ დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ვიყავი. მას შემდეგ ერთი იდეა ამეკვიატა - მინდა გავხსნათ facebook-ში მოღვაწეთა პანთეონი, სადაც ის ხალხი ჰპოვებს მარადიულ განსასვენებელს, ვისაც ქართული facebook-ის განვითარებაში წვლილი მიუძღვის. ბუნებრივია, ეს დამღლელი და საშარო პროცესია, მაგრამ საშვილიშვილო. საინტერესოა, ვინ დაიკავებს facebook-ის პანთეონში ადგილს 100 წლის მერე.
შესასვლელში აუცილებლად იქნება თამარ ჩერგოლეიშვილის და გოგა ხაჩიძის საფლავები (განიხილება ვარიანტი, რომ საერთოდაც, მათი სახელობის იყოს ეს პანთეონი). მათი სახეები ერთმანეთისკენ იქნება მიმართული. ორივეს ქვას ექნება ეპიტაფია.
თამარ ჩერგოლეიშვილი - "ჯოჯოხეთი აქ ყოფილა, თუ ყოფილა"
გოგა ხაჩიძე - "ქართული ოცნება" რომ წავა, შემეხმიანეთ"
ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა გივი თარგამაძეც, რომელიც ყოველდღიურად დგამს ნაბიჯს პანთეონში დასამკვიდრებლად. 100 წლის შემდეგ მის საფლავს დაამშვენებს წარწერა - "სული ამომხადეთ, თქვე ნაძირლებო?!"
საინტერესო იქნება გოჩა თანდარაშვილის საფლავიც, რომელიც ინგლისის ნაკრების ფერებში იქნება გადაწყვეტილი და დაამშვენებს წარწერა - "თქვენმა ჯგუფში ჩარჩენამ მიქნა ეს!!!"
ფეისბუქ-იუზერთათვის კარგად ცნობილია მომხმარებელი სახელით garius marius oboba. პანთეონში მასაც ექნება ადგილი, ოღონდ არა ერთი - ის იქნება ყველა საფლავზე და გაავლებს ქსელებს.
თამარ ჩერგოლეიშვილისგან მოშორებით იქნება რობერტ სტურუას განსასვენებელიც. განიხილებოდა ვარიანტი, რომ მათი საფლავები გვერდიგვერდ ყოფილიყო, მაგრამ ცუკერბერგმა თქვა, ასეთ ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამო...
აუცილებლად საპატიო ადგილას იქნება გოგი გვახარიაც. მისი საფლავი ერთადერთი იქნება, რომელიც წითელ ფერში გადაწყდება და ექნება სპეციალური ზონა.
პანთეონში იქნება "იდენტობის" ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის საფლავიც. ეს იქნება საფლავი, სადაც ხალხი არა აღდგომას, არამედ 17 მაისს მივა.
პანთეონში ადგილს დაიკავებს გიგა ნასარიძეც, რომლის საფლავის ქვაც ცვალებადი იქნება, იმის მიხედვით, თუ რა იქნება "გასაპრავებელი".
მიუხედავად იმისა, რომ facebook-ზე აქტივობით არ გამოირჩევა, აქ განთავსდება გიორგი მარგველაშვილის საფლავიც, რომელსაც ქვას ირაკლი ღარიბაშვილი დაადგამს.
დამეთანხმებით, რომ პანთეონში მოხვედრის უამრავი მსურველი გამოჩნდება, თუმცა შეიქმნება საბჭო (ზემოთხსენებული მარკ ცუკერბერგის ხელმძღვანელობით), რომელიც განიხილავს კანდიდატურას. გარდა ამისა, გარდაცვლილი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაშ ასე, პანთეონში მოხვედრისათვის აუცილებელია:
1. მინიმუმ 20 წლიანი ფეისბუქური გამოცდილება;
2. მინიმუმ 40 000 პოსტი, 60 000 ლაიქი და 1 000 000 კომენტარი;
3. საკუთარი გვერდი (ე.წ. "ფეიჯი");
4. არასოდეს უნდა ჰქონდეს მოწონებული: ლელა წურწუმიას და ნინა წკრიალაშვილის სიმღერები;
5. შორიდანაც არ უნდა ქონდეს დანახული odnoklassniki.ru;
6. facebook-ის გამო, დაშორებული უნდა იყოს მინიმუმ ერთ მეორე ნახევარს.
7. "ფეისბუქის" საშუალებით უნდა ჰყავდეს გაცნობილი მინიმუმ 1560 "ფრენდი",
...და სხვა დეტალები, რომლებსაც საბჭო დეტალურად განიხილავს.
სასაფლაო კარგად იქნება დაცული ვირუსებისგან, შესაბამისად მისულ დამთვალიერებელს არ მიუვა მესიჯი - "გადადი ამ ლინკზე და ბევრს იცინებ", "გახსენი და გაიგებ, როგორი იქნები 40 წლის შემდეგ" და ა.შ...
საფლავები facebook-ის "ფეიჯის" ვარიანტში იქნება გადაწყვეტილი. ასე, მაგალითად: საფლავის ქვა იქნება პროფილის სურათის ფორმის (რომლის შეცვლაც ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი), ხოლო საფლავის მიწა იქნება ლურჯი (რა ლამაზად ჟღერს - მსუბუქი იყოს შენ გულზე დაყრილი საქართველოს ლურჯი მიწა). დამთვალიერებელს ექნება საშუალება საფლავი "მოიწონოს", ხოლო ის საფლავი, რომელსაც კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი like-ი ექნება, წინაურდება და სასაფალოს შესასვლელში დაიკვებს ადგილს. ეს როტაცია საშუალებას მოგვცემს, რომ დამთვალიერებელი დავიცვათ ერთფეროვნებისაგან.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, - რას მოგვიტანს ეს ყველაფერი?
პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ჭეშმარიტად მილიონ ტურისტს!!!
პ.ს. იმედია, ეს ადამიანები მიმიხვდებიან, რომ ვხუმრობ და ჩემს ოჯახს არ მოუწევს ჩემთვის საფლავის მოძიება. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ!
ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge