მსახიობი ნანული სარაჯიშვილი საზოგადოებამ 11 წლის ასაკში გაიცნო. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები - მანანა, ტურფა, მარო, მაყურებელს დღესაც ისევე უყვარს, როგორც წლების წინ. 66 წლის ასაკშიც კი ისე გამოიყურება, რომ მნახველს თვალწინ მხიარული, ონავარი მანანა დაუდგება.
როგორ უვლის თავს, რატომ უყვარს ბაზარში სიარული, რატომ თხოვდნენ დედები შვილების გათხოვებაში დახმარებას, სად ატარებს თავისუფალ დროს ნანული სარაჯიშვილი. ამ და სხვა საინტერესო ამბებზე მსახიობთან ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, სადაც ძირითადი აქცენტი კულინარიაზე გავაკეთეთ.
ნანული სარაჯიშვილი:
- ძალიან მიყვარს ჭამა. შესაბამისად, რისი გაკეთებაც ვიცი, ნამდვილად გულით ვაკეთებ. სხვათაშორის, ასაკთან ერთად, გემოვნება შემეცვალა. ადრე არ მიყვარდა სალათები, ახლა ძალიან შემიყვარდა. სიამოვნებით ვიმუშავებ რესტორანში მზარეულის ასისტენტად. შეფი არ ვიქნები, მაგრამ მივეხმარები.
- რა ინტენსივობით ამზადებთ კერძებს, რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად?
- სამწუხაროდ, სადილების მოსამზადებლად დრო არ მაქვს, თუმცა, ძალიან მიყვარს სალათების კეთება, განსაკუთრებით ზაფხულში. რაც სახლში მაქვს, იმით შემიძლია ძალიან გემრიელი სალათი გავაკეთო. ამბობენ, რომ გემრიელი ხელი მაქვს.
- ვის უმასპინძლდებით თქვენი ნახელავით?
- ჩემი ნახელავით ვუმასპინძლდები ჩემს მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან უყვართ ჩემთან სტუმრობა. დედაჩემი არაჩვეულებრივი მზარეული იყო. მეგრელის ქალი, ძალიან კარგად აკეთებდა კერძებს. ჩემი ნახელავი არ მოწონდა. დედას უყვარდა ღომი, ბაჟე, საცივი. ახლა უფრო სალათები შემოვიდა. როდესაც მარხვაა, სამარხვო სალათებს ვაკეთებ.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ ცომეულთან, ცხობა თუ იცით?
- ძალიან არ მიყვარს ტკბილეული, ტორტი, ნამცხვრები, არც ვაცხობ და არც მაინტერესებს.
- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
- ჩემი დღე არასდროს არ არის ერთნაირი. ხან გადაღება მაქვს, ხან რეპეტიცია. ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც არც გადაღება და არც რეპეტიცია მაქვს. ასეთ დროს, მივდივარ აუზზე, კუს ტბაზე, ვვარჯიშობ. კუს ტბას არ ვღალატობ. დილით, როდესაც ვიღვიძებ, აუცილებლად მივირთმევ შვრიას. 30 წელია, სახლიდან ისე არ გავდივარ, რომ შვრია არ მივირთვა. სხვათაშორის, "ნიკორაში" ვყიდულობ ყველაფერს, ლეონიძის ქუჩაზე. ჩემი საყვარელი მაღაზიაა, რადგან ვენდობი მათ ხარისხს. ამიტომაც მივიღე ახლა მონაწილეობა "ნიკორას" ექსპერიმეტში, ვიყავი მათთან სტუმრად და მოვამზადე კერძი "კიში" , ეს ფრანგული კერძია და ძალიან გემრიელი გამოდის "ნიკორას" შაშხით.
- რას აკეთებთ თქვენი გარეგნობისთვის, ჯანმრთელობისთვის, იმისთვის, რომ ასე კარგად გამოიყურებით?
- აბსოლუტურად არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე. ეს განა კარგია?! - ასეთი ხასიათი მაქვს. პირიქით, სიგარეტს არ უნდა ვეწეოდე, მაგრამ ვეწევი. ძალიან არ მინდა, ვიცი, რომ არ ვარგა, მავნეა, მაგრამ მაინც ვეწევი.
- წონის პრობლემა თუ გქონიათ?
- წონის პრობლემა არასდროს მქონია, კიდევ კარგი, რადგან ჭამა ისე მიყვარს, ვგიჟდები. არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე. ჩემდა საბედნიეროდ, წონა არ მაწუხებს.
- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ძალიან მიყვარს ქეიფი. ქეიფის დროს ცოტას ვსვამ, კარგი ღვინო ყველაფერს მირჩევნია. კოქტეილებიც მიყვარს, განსაკუთრებით "ბეილისი".
- ბაზარში სიარული თუ გიწევთ?
- ვგიჟდები ბაზარში სიარულზე, ძალიან მიყვარს. მცნობენ, ამბობენ - "მანანა მოვიდა", "აბა ჩვენსკენ მოდი" . ბაზარში ერთი კილო პროდუქტის გულისთვის ვერ წახვალ, ცოტა მეტი უნდა წამოიღო. როცა ფული მაქვს, კალათით მივდივარ. ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. იქვე გვქონდა ვერის ბაზარში. იმ ბაზარში პირველად ვნახე გალაკტიონ ტაბიძე. დედამ წამიყვანა ბაზარში, მოვიდა ვიღაც კაცი, დახლთან ჩვენს გვერდზე, იკითხა რა ღირდა ჩურჩხელა. დედამ მითხრა, რომ იგი გალაკტიონ ტაბიძე იყო, ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
- თქვენს მიერ განსახიერებულ პერსონაჟებზე ვისაუბროთ. "მანანა" - ფილმი, რომლითაც საზოგადოებამ გაგიცნოთ და შეგიყვარათ.
- როდესაც "მანანაზე" იწყება საუბარი, მახსენდება ის კარგი წლები. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, კარგი მშობლები მყავდა, ეკონომიურად არ გვიჭირდა. მამაჩემი მეღვინე იყო. 11 წლის ასაკში გადამიღეს ფილმში, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან პოპულარული ბავშვი გავხდი. თუმცა, ჩემი გმირისგან აბსოლუტურად განხვავებული ვიყავი. ისე გავიზარდე, მეზობლებს ჩემი ხმა არ გაუგიათ. ძალიან წყნარი, ჩვეულებრივი, დამჯერი ბავშვი ვიყავი. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება არ მინდოდა, რადგან მივხვდი ეს რა შრომასთან იყო დაკავშირებული. როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ქალბატონმა სესილია თაყაიშვილმა მკითხა სად ვაბარებდი და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა ჩამებარებინა თეატრალურ ინსტიტუტში. ძალიან გამიხარდა. მეც მეტი რა მინდოდა, შევიტანე საბუთები და მოვხვდი ამ გაუგებრობაში.
- რაც შეეხება თქვენს კიდევ ერთ წარმატებულ როლს ფილმიდან "გარიგება". მაროს განსახიერებისთვის, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო გერგოთ.
- კინოს საერთაშორისო ფესტივალზე "ოქროს არწივი" ავიღე. ყველაზე დიდი ჩემი განძი, რომელიც სახლში მიდევს, ჩემი "ოქროს არწივია". როდესაც "გარიგება" გამოვიდა, სახლში ვიღაცამ დარეკა, ჩემი ნახვა მოითხოვა. მოვიდა დედა-შვილი, ვიფიქრე, თეატრალურში ჩაბარება, რჩევა უნდოდათ. დედამ მითხრა, თქვენ გეხერხებათ გარიგება, ნახეთ, რა კარგი ქალიშვილი მყავს და მისი გათხოვება მინდა, იქნებ ვინმე გაურიგოთო. დედაჩემმა უთხრა, თავის თავისთვის ვერ უშველია, თვითონ გაუთხოვარია, შენ როგორ უნდა დაგეხმაროსო.
- ხშირად აღნიშნავთ, ნანობთ, რომ კარიერას უფრო მეტი დრო დაუთმეთ, ვიდრე პირად ცხოვრებას.
- ასე გამოვიდა, რაღაც ძალიან გავერთე. ბევრი სამუშაო მქონდა, ამას დაერთო გასტროლები, მოვიარეთ მსოფლიო, სულ გადაღება. ალბათ ეს ასე უნდა ყოფილიყო. არ ვიცი როგორ ჯობდა, ასე გამოვიდა.
- კონოზე ვისაუბრეთ, ახლა თეატრზე ვისაუბროთ. 40 წელია, რუსთაველის თეატრის მსახიობი ხართ.
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. მოხვდე რუსთაველის თეატრში - ეს დიდი პატივი და ჯილდოა. როდესაც თეატრში მივედი, ბუმბერაზი მსახიობები დამხვდენენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბატონი ეროსი მანჯგალაძე, ბატონი გოგი გეგეჭკორი, ბატონი რამაზ ჩხიკვაძე, ქალბატონი მედეა ჩახავა, ქალბატონი სალომე ყანჩელი. ეს იყო არაჩვეულებრივი გუნდი.
- და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით, მკითხველებს?
- შეირგეთ ცხოვრება. იყავით გაღიმებულები, თქვენ თვითონ თუ არ გაიხალისეთ ცხოვრება, არაფერი გამოვა.