ბოლო დროს თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ასეთი ტენდენცია დაამკვიდრდა, - სხვადასხვა სახეობის ცხოველი ერთ ვოლიერში მოათავსოს. თუ ისინი ბუნებაში ერთმანეთს ებრძვიან, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვოლიერში მშვენივრად თანაცხოვრობენ. ამ ყველაფერს კოაბიტაცია შევარქვი, აბა, რას უნდა ნიშნავდეს, როცა სხვადასხვა სახეობისა, თუ წარმომავლობის ცხოველი ერთად მშვენივრად სიამტკბილობს? დიახ, ერთად არიან ლამები და ტაპირიც. ლამების უმეტესობა აქ არის დაბადებული, ტაპირი 2007 წელს ჩამოიყვანეს.
ზურაბ გურიელიძე, ზოოპარკის დირექტორი:
- აგრესიულობა ლამას არ ახასიათებს, მაგრამ ნებისმიერი მომვლელი მაინც მაქსიმალურად უნდა იყო დაცული, რადგანაც გამრავლების პერიოდში აგრესიულები ხდებიან.
რაც შეეხება ტაპირს, როგორც გვითხრეს, ძალიან უყვარს მოფერება, ანუ დაფხანა და იქვე ამისთვის მომვლელებს მომზადებული აქვთ ნაირ-ნაირი ჯაგრისები. ისიც ერთი დაძახების შემდეგ, გამოდის თავისი "საბრძანებელოდან," წვება და როცა ვინმე მისი ზურგის ფხანას იწყებს, ნეტარებისგან თვალებს ნაბავს.თბილისში ზოოპარკში მორიგი კოაბიტაციური ვოლიერი მარტორქისა და ვირების თავშესაფარი აღმოჩნდა. ყველაზე აგრესიული მარტორქა მშვენივრად მეგობრობს ვირებთან, მათ შორის არანაირი პრობლემა არ არის... ასე რომ, მხეცების თანაცხოვრება თბილისის ზოოპარკში მშვენივრად მოხერხდა...
მარტორქა მანუელა ჩვენი ზოოპარკის კარგად მოსუქებული, ნებიერა ბინადარია. როგორც ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, 4 წლის იყო, თავის მეგობარ ბიჭთან ერთად თბილისში რომ ჩამოფრინდა. ბავშვობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგთან ახლოს მდებარე ფერმაში გაატარაო. თბილისის ზოოპარკმა 80 ათას ევროდ იყიდა და ჩვენს დედაქალაქში ჩამოაბრძანა. წყვილი დიდი ამბით მიიღეს და დიდი ვოლიერიც დაახვედრეს. თავიდან მანუელა "ბოიფრენდთან" ერთად მშვენივრად გრძნობდა თავს. მერე იჩხუბეს. როგორც გვითხრეს, გამრავლების პერიოდში მათ შორის თურმე სასტიკი ბრძოლებია - მამრი და მდედრი რქებით ებრძვიან, ყვირიან, ყველაფერს ანგრევენ და ერთმანეთს აზიანებენ. მოკლედ, მანუელამ იმდენი ქნა, რომ მეწყვილე მოკლა და დაქვრივდა...
თუმცა როგორც მზია შარაშიძე, ზოოპარკის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი გვეუბნება, მისთვის სამომავლოდ ქმრის ჩამოყვანას გეგმავენ. მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ თბილისის ზოოპარკი ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრობის კანდიდატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოოპარკს აღარ შეუძლია ცხოველების შეძენა. უნდა გაიგზავნოს მოთხოვნა და ამის შემდეგ აღნიშნული ასოციაცია ცხოველის ჩამოყვანაში დაეხმარებათ. მოკლედ, მანუელას საქმროზე მოთხოვნა უკვე გაგზავნილია.
სანამ ტურფა ქალბატონი ქმარს ელოდება, მის გასართობად, ვოლიერში თხების შეყვანა გადაწყვიტეს. ძალიან გაუხარდა, მაგრამ თხები ვოლიერზე გადაძვრნენ და მიატოვეს. შემდეგ მასთან ზებრების შესახლებაც უნდოდათ, მაგრამ აგრესიულები ყოფილან და ჩხუბი მოუვიდოდათ. ამიტომ გამოსავალი მოიძებნა, - მშვიდი და კეთილი ვირები შეუსახლეს. იმის მერე ბედნიერად ცხოვრობენ. ვირებმა მარტორქა დააწყნარეს და გააბედნიერეს... ვოლიერში თუ ვინმე შევიდა, მარტორქა ვირის დაცვას ცდილობს, თუმცა თუ ვინმე ვირს მოეფერება, ეჭვიანობს.ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის