მომღერალმა და "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრმა სოფო ტოროშელიძემ "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: " ჰომოსექსუალებო, რაღაც ძალიან გამრავლდით და სააშკარაოზე გამოფინეთ ყველაფერი. არა, საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მართლა ოღონდ. ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მე არ მაქვს უფლება მეორე ადამიანი ვაკრიტიკო, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება გათენდეს და ყველაფერი დამემართოს მე თვითონ. უბრალოდ, რაღაც უჩვეულოდ ბევრნი ხართ" (იხილეთ სტატუსის სრული ვერსია).
სოფოს განცხადებას ინტერნეტით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "იდენტობის" ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: "რუსთავი 2: იმედი მაქვს ღირსეული იქნება თქვენი გამოხმაურება თქვენი შოუს წამყვანის გამოხდომაზე. ჰომოფობიურ ენას ეროვნულ მაუწყებლობაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს",- წერს ვაჭარაძე "ფეისბუქზე".
Ambebi.ge დავით-მიხეილ შუბლაძეს და გიორგი კიკონიშვილს დაუკავშირდა:
დავით მიხეილ-შუბლაძე, "ლგბტ საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი:
- არ ვიცი ეს რამდენად ჰომოფობიური იყო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ამაზე სოფო გააკეთებს განცხადებას, საზოგადოებაში რომ არ იყოს გაურკვევლობა. დასაშვებია იხუმრა, სოფო არ არის ისეთი გოგო, ვინც ჰომოფობიაშია შემჩნეული, ამიტომ დაველოდები მის განმარტებას.
გიორგი კიკონიშვილი
- სოფო ტოროშელიძის პოსტი ჰომოფიბიურ განცხადებად მიგაჩნიათ?
- არასერიოზული განცხადებაა, გამრავლდით რას ნიშნავს, აქამდე ნაკლები იყო და ახლა გამრავლდა, თუ რა არის, ვერ ვხვდები. არც ვიცნობ, ვინ არის სოფო ტოროშელიძე, სერიოზულად ვერ აღვიქვამ ამ განცხადებას.
- ამ პოსტით სოფო ტოროშელიძე ჰომოსექსუალების პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანის გამო ერთგვარ პროტესტს გამოხატავს...
- სააშკარაოზე ყველას გამოაქვს თავის ცხოვრება. ზოგადად, ადამიანები ვართ სოციალური არსებები და სააშკარაოზე გამოგვაქვს ბევრი რამე. ამის უფლებას ვერავის ჩამოართმევ. ადრე ისიც ეგონათ, რომ სექსი არ ჰქონდათ, მაგრამ არ იყო ასე. უნდა მივხვდეთ და გავიგოთ, რომ არაფერი ახალი არ არის ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, სოფო ტოროშელიძესაც ბევრი რამე ექნება გამოტანილი სააშკარაოზე. როგორ შეიძლება შეუზღუდო უფლება სხვას, რომელსაც თავად იყენებს. ასეთ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, ვისაც არაერთ გეისთან აქვს ურთიერთობა და იციან, რომ ჰომოსექსუალობა და უცხოპლანეტელობა სინონიმები არ არის. ყურადღების მიქცევა უნდათ, თუ რა უნდათ, არ ვიცი. თავის საქმეა, რა განცხადებას აკეთებს, მაგრამ ეს არასერიოზული განცხადებაა და არც ვიცი, რა ვთქვა.
Ambebi.ge სოფო ტოროშელიძეს დაუკავშირდა და პოსტის გამოქვეყნების მიზეზი ჰკითხა.
- სოფო, თქვენს პოსტთან დაკავშირებით გირეკავთ. რითი შეგაწუხეს ჰომოსექსუალებმა?
- არაფრით არ შემაწუხეს საერთოდ. მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ჰომოსექსუალი. პოსტში ვწერ კიდევაც, რომ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რაღაც სცენას შევესწარი და გამიკვირდა უბრალოდ, 21-ე საუკუნეა და რა პრობლემაა.
- რა სცენას შეესწარით?
- რომ მდომოდა, დავწერდი. ასე სააშკარაოზე გამოტანილი ცხოვრება არ მინახავს. თორემ ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს?
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge