საქართველოში ადამიანის პოლიტიკაში ყოფნა ფულის შოვნასთან ასოცირდება. ასეთ ასოციაციებს ისიც განაპირობებს, რომ ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ერთობ მოპუტკუნდა, როგორც იტყვიან, "გაკეთდნენ შავი დედალივით".
საინტერესო იქნება, თუ განვიხილავთ ზოგიერთ მათგანს.
დავიწყოთ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილით. პოლიტიკაში გამოჩენის დროს ჩვენი მიხეილი ერთობ გალეული იყო. მეტიც, ბოროტი ენები ამბობენ, ჩანთით დიდ ქვას დაათრევდა (თუ ამას წაიკითხავს ჩემი მეზობელი ნინა ბებო, აუცილებლად დაამატებს - შავი ქვა და ჭირი მაგას), რომ ქარს არ წაეღოო (აქაც დაამატებს ნინა ბებო - ნეტა წაეღო და დავესვენებინეთო). სამაგიეროდ, პოლიტიკაში მოსვლისთანავე ნელ-ნელა ფერზე მოვიდა და ბოლოს იმისთანა ღიპიც დაიდო, ბევრის მნახველ ქართველ თამადას რომ შეშურდებოდა.
ყველას გვახსოვს პატარა გოკა გაბაშვილი, რომელიც პირველი არხის ეთერიდან "ივერიის გაბრწყინების" პირობას იძლეოდა. ივერიის რა გითხრათ, მაგრამ მისი წელის გარშემოწერილობა კი პოლიტიკაში მოსვლის პირდაპირ პროპრციულად გაიზარდა. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ლამის მამა-მარჩენალის ღიპსაც გაუსწრო, მაგრამ დროზე გაჩერდა, რადგან "ნაციონალურ მოძრაობაში" "იმის" ღიპი წმინდათა-წმინდაა.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ გიგი უგულავაც, რომელიც ისეთ ტანზე იდგა, რომ ერთი ხანობა არჩევანი ჰქონდა - ან სამოდელო კარიერა დაეწყო და ერთ-ერთი პარიზული მოდის სახლის სახე გამხდარიყო, ანდაც პოლიტიკა აერჩია. საბოლოოდ რომელი აირჩია, ყველამ ვიცით და მისი ტანწერწეტა სხეულიდან ერთი ღიპიანი მერი მივიღეთ. სამაგიეროდ, ამ ღიპის დამსახურებაა, რომ ერმა ისეთი რამ ვიცით, რასაც "უგულავას დიეტა" ჰქვია. თუ ოდესმე უცხო ცივილიზაცია მოვა დედამიწაზე და საქართველოზე რამეს იკითხავს, "ჩაკრულოსთან" ერთად აუცილებლად "უგულავას დიეტასაც" ახსენებენ.
დღევანდელი მინისტრებიდან მძიმე წონით კატეგორიაში სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გადიან. ცოდვა გამხელიელი ჯობს და მინისტრობამდეც არც ერთი მათგანი არ გამოირჩეოდა მოდელის პარამეტრებით. თუმცა, თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამომზეურებულ ბანკეტების სიას დავუჯერებთ, ნოდარ ხადური კიდევ უფრო გამხდარია, ვიდრე ბანკეტების რაოდენობის და მენიუს მიხედვით უნდა იყოს.
პოლიტიკურად მძიმეწონიანი პოზიცია ჩაიბარა ჭიკაიძემ, მაგრამ, ვინაიდან დღეს მისი აქტივობები ძირითადად სტუდენტებთან შეხვედრითა და ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებას არ სცდება, ის აღნიშნულ პოზიციას მხოლოდ სხეულის მძიმე პოზიციით ამყარებს. მისი ღიპის პარამეტრები არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი სოციალურ ქსელებშიც...
გუბაზ სანიკიძემ, მართალია მილიონი ვერ იშოვა, მაგრამ ეს მის წონას ნამდვილად არ დატყობია.
წონას არასოდეს უჩიოდა კობა დავითაშვილიც, რომელიც მუდამ ზე-მძიმე კატეგორიაში იყო.
ქართულ პოლიტიკაში ერთი საინტერესო მოვლენაა, სახელად ლევან ბერძენიშვილი, რომელიც პოლიტიკაში მძიმე წონით მოვიდა, თუმცა ისე გაილია, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიადისათვის 73 ან 81 კილოში შეიძლება ვიხილოთ...
ეს მხოლოდ მცირედია, რაც შეიძლება ითქვას. ჩემო არჩეულო და ძალით მოსულო პოლიტიკოსებო, პირში ლუკმას კი არ გითვლით, მაგრამ ამ ლუკმას თუ ჩემი ჯამიდან არ ამოიღებთ, ერთობ მადლიერი დაგრჩებით, თორემ თქვენი ჭამა-სმის გადამკიდე, აივანზე გაფენილი ტყლაპივით ვარ გამომშრალი და ორი ლუკმა არც მე მაწყენდა.
პ.ს. გირჩევთ სტალინს მიბაძოთ, კაცი ერთი ფარაჯით დადიოდა მთელი ცხოვრება და როგორც ამბობენ. არც ჭამა- სმაზე გიჟდებოდაო ( იმდენი მაგას შეურცხვეს ულვაში).
ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge