თბილისის ელექტროგამანაწილებელ ქსელში სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება, - ამასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ და სს "თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა, ვახტანგ ქინქლაძემ.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, "თელასი" 2014-2015 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის აგრძელებს ქსელის მოსამზადებელ სარემონტო სამუშაოებს, აქედან გამომდინარე, ქალაქის მასშტაბით, ადგილი აქვს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას.
როგორც ვახტანგ ქინქლაძემ აღნიშნა, გარდა არსებული მოწყობილობების შეკეთებისა, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულია ახალი საკაბელო ტრასების გაყვანა, სატრანსფორმატორო ჯიხურების სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა, სატრანსფორმატორო ჯიხურების და საკვანძო ქვესადგურების გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია, ასევე ტრანსფორმატორების კაპიტალური შეკეთება.
როგორც "თელასში" განმარტავენ, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქის ელექტრომომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება კვირის სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში.
მომდევნო პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების თარიღი და დრო გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.
შექმნილი დისკომფორტისთვის "თელასი" და ენერგეტიკის სამონისტრო მოსახლეობას ბოდიშს უხდიან.