მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს შორის განსაკუთრებული დაპირისპირება არ არის, ეს არის ადაპტაციის პერიოდი, რომელიც წარმატებით უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არის რესურსი, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს. "პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არ იყოს ვიწრო პარტიული, ვიწრო პოლიტიკური დამოკიდებულება, არამედ უნდა იყოს სახელმწიფოებრივი შეხედულებები. ამის რესურსი არის, რომ ეს პროცესი დაიძრას მალე. განსაკუთრებული დაპირისპირება არ არის, ეს არის ადაპტაციის პერიოდი, რომელიც წარმატებით უნდა დამთავრდეს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ვანო მაჭავარიანმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მარგველაშვილი ამ საკითხს მშვიდად უყურებს. "ის უფლებამოსილების შეკვეცას უყურებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მშვიდად უყურებს, მაგრამ ჩვენ ძალიან სკულპუროზულად გავდიოდით ყველა მნიშვნელოვან თემას, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი პრეზიდენტის კომპეტენციაში", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, იმ სფეროებზე, რომელიც არის პრეზიდენტის უფლებამოსილებებში, უნდა შედგეს პოლიტიკური შეთანხმება. "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ახალი პოლიტიკური რეალობა, სადაც არის პრეზიდენტი პირველი პირი, სახელმწიფოს მეთაური და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს. ჩვენ დემოკრატიას ხელს შევუწყობთ, როდესაც იქნება გამიჯვნა პრეზიდენტის ინსტიტუტის, მთავრობისა და პარლამენტის. შესაბამისად, თუ ამ ეტაპზე არის გარკვეულწილად ადაპტაციის პერიოდი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მთავრობას მიაჩნია, ყველაფერი მან უნდა აკეთოს საგარეო, უშიშროების, თავდაცვისა თუ სხვა სფეროებში, რომელიც ცალსახად არის განსაზღრული პრეზიდენტის უფლებამოსილებებში, ეს არის თემები, რომელზეც უნდა შედგეს პოლიტიკური შეთანხმება. საზოგადოება იმსახურებს ამას, კონსტიტუცია განსაზღვრავს ამას. პრეზიდენტი ამას უდგება სახელმწიფოებრივად და ეს მომენტი უნდა იქნას გამოყენებული", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში ვარაუდობს, რომ პროგრესი იქნება. მისი თქმით, ბევრი მინისტრი მივიდა და დაესწრო პრეზიდენტთან ერთად სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ შემდეგი ნაბიჯი უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა იყოს.
"მოლოდინი არის ის, რომ მთავრობამ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს პრეზიდენტთან. მთავრობა ძალიან დაკავებული იყო თავისი საქმეებით. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება. ჩვენი ინტერვიუს შემდეგ ბევრი მინისტრი მივიდა, სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს დაესწრო. იმედს გამოვთქვამ, შემდეგი ნაბიჯი იქნება უშიშროების საბჭოს სხდომა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკონსულტაციო, სათათბირო ინსტიტუტი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში. შეუძლიათ მათ დაამტკიცონ, რომ საგარეო, თავდაცვისა თუ უშიშროების თემები ერთად გაიარონ პრეზიდენტთან, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი, რომ სახელმწიფოებრივად იაზროვნოს", - განაცხადა მაჭავარიანმა.