გაიმართება თუ არა საქართველოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კაზანტიპი" - კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია "კაზანტიპის" ანალოგი ფესტივალის ჩატარებაზე საუბრობს, საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ნათლად წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს "კაზანტიპის ანალოგი", რითი ემსგავსება ან იქნება განსხვავებული ის ფესტივალისგან, რომელზეც ამდენი გვსმენია. რაც შეეხება "კაზანტიპის" ოფიციალურ საიტს, იქ ვკითხულობთ, რომ 2014 წლის ზაფხულში ფესტივალი ტაიმ-აუტს იღებს...
ამის მიუხედავად, ფესტივალის მიმართ, რომელიც ანაკლიაში გაიმართება, მოლოდინი ძალიან მაღალია. სპეკპტიკოსებთან ერთად სოციალურ ქსელებში ფესტივალის მიმართ კეთილგანწყობილთა მოსაზრებებსაც მოისმენთ. მეტიც, სოციალურ ქსელ Facebook-ზე საინფორმაციო გვერდიც შეიქმნა სახელწოდებით "რეალობა კაზანტიპზე", რომელზეც ფესტივალთან დაკავშირებით ცნობილი ადამიანების მოსაზრებები ქვეყნდება. ჩვენ ყოფილი მოდელისა ტელეწამყვანის, ეკო ფანგანის ვიდეომიმართვას გთავაზობთ:
"რა თქმა უნდა, "კაზანტიპი" ვიცი, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ, და რომ გავიგე, კაზანტიპი საქართველოში უნდა ჩატარდესო, გამიკვირდა... გამიკვირდა, თუმცა გამიხარდა. მე ვიცი, რომ ამას ცოტა უცნაურად შეხვდა ქართული საზოგადოება, მაგრამ მათ ვეტყვი, რომ მოეშვით, რადგან ამაში არაფერია საგანგაშო.
მითუმეტეს მე, რომელიც არანაირი გამაბრუებელი საშუალების მომხმარებელი არ ვარ, შემიძლია იქ ვიყო დღეები, საათები და კვირები... ვყოფილვარ კიდეც მსგავს ფესტივალებზე და არავისზე ნაკლებად არ ვერთობი. ამიტომ, ვისაც როგორ უნდა, ისე იქნება და არჩევანი თქვენზეა", - ამბობს ეკო ფანგანი მიმართვაში.
მიმართვის დასასრულს ტელეწამყვანი "კაზანტიპის" იმ დადებით მხარეებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურად წაადგება და საზოგადოებას ამ სიტყვებით ემშვიდობება: "ის, რომ საქართველოში ასეთი რაღაცები ტარდება, ეს უწყობს განვითარებას ტურიზმს, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ძალიან ბევრ რამეს, რაც ჩვენ დაგვეხმარება, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ტურიზმი, ახალგაზრდობა."