თელავში, ერეკლე მეფის ქუჩაზე 35 წლის წარსულში ნასამართლევი არჩილ მაისურაძე ჩაცხრილეს. მაისურაძე ადგილობრივ რეფერალურ სავადმყოფოში ცოცხალი შეიყვანეს, თუმცა ოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მაისურაძე, იგივე "სტარიკა" 12 წლის წინ გაასამართლეს ე.წ. კანონიერი ქურდის, მეტსახელად "ვანცეტას" მკვლელობისათვის. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ შურისძიების მიზნით დასდევდნენ მოსაკლავად. თელავში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარდაცვლილის მეგობარი ზაზა კევლიშვილი გვესაუბრა.
- "სტარიკა" წუხელ გვიან ღამით მოკლეს ქალაქის ცენტრში. რამდენიმე ადამიანი იყო მკვლელთან ერთადო, მაგრამ ერთი, ვინც ისროლა, ჩაფხუტით ყოფილა და "ბრონჟილეტი" ცმია.
- მკვლელობის ძირითადი მიზეზი რა იყო?
- აჩიკომ წლების წინ თელაველი კანონიერი ქუდი "ვანცეტა" მოკლა, რისთვისაც 7 წელი იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ ევროპაში წავიდა, რადგან მოკვლით ემუქრებოდნენ და საქართველოში აღარ დაედგომებოდა. დედამისი ესპანეთში ცხოვრობს და მასთან იყო წლების განმავლობაში. ბოლოს რაღაც პრობლემები შეექმნა და დეპორტით გამოუშვეს ევროპიდან. მისთვის ეს პირველი თავდასხმა არ იყო, იქაც არ ასვენებდნენ, ერთხელ გერმანიაშიც ესროლეს, მაგრამ მაშინ გადარჩა. ერთი სიტყვით, "ვანცეტას" მოკვლისთვის გაასაღეს.
-საქართველოში როცა დაბრუნდა, ელოდებოდა, რომ გაუსწორდებოდნენ ძველი მკვლელობის გამო?
- ელოდებოდა და ყოველთვის ფრთხილადაც იყო ამის გამო. კარგი იუმორი ჰქონდა და ხშირად ხუმრობდა: ერთი დღეც იქნება, სადღაც ჩამაძაღლებენო. ყველა ფეხის ნაბიჯზე სიკვდილი ემუქრებოდა. რამდენიმე თვის წინ ვიღაც სადარბაზოშიც დახვდა მოსაკლავად, მაგრამ მაშინ იმარჯვა, შესვლის დროს შეამჩნია თავდამსხმელი და დამიზნებულ იარაღზე ხელი აუკრა.
-"ვანცეტა" რატომ მოკლა რა იყო მათ შორის დაპირისპირების მიზეზი?
- რაღაც ჩხუბი მოუვიდათ და ამის გამო "ვანცეტამ" ქურდთან აიყვანა, სადაც "სტარიკა" გაამტყუნეს. როგორც ვიცი, მაშინ ვანცეტამ აჩიკოს ხელიც გაარტყა, რისთვისაც ამან იმ ღამესვე მოკლა, როცა საქმის გარჩევას მორჩნენ.