გაზეთი "ქრონიკა +" აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა, თაღლითების მახეში რომ არ გაებას?!"
უამრავი შემთხვევაა, როცა აბიტურიენტი აბარებს ავტორიზებულ დაწესებულებაში, რომელიც მომდევნო წლებში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ავტორიზაციას კარგავს და ახალგაზრდა ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.
ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო არ აღიარებს ავტორიზაციის გარეშე მომუშავე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო საქმიანობას და, შესაბამისად, დიპლომს.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე არაავტორიზებული იურიდიული პირი სტუდენტს საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს ჰპირდება, ამას შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია და, შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
როგორ უნდა მოიქცეს სტუდენტი ამ შემთხვევაში და როგორ უნდა დაიცვას თავი თაღლითური სქემებით მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისგან?! ამ შეკითხვებს გაზეთ "ქრონიკა +"-თან საუბარში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა უპასუხა.
- დაწესებულებას ავტორიზაცია 5 წლის ვადით ენიჭება მაგრამ შესაძლოა, სწავლების მეორე ან მესამე წელს რომელიმე სტანდარტი ვეღარ დააკმაყოფილოს და ავტორიზაცია გაუუქმდეს. გარდა იმისა, რომ ასეთი დაწესებულების სტუდენტს 5 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება სტატუსი, ის შეძლებს ისარგებლოს მობილობის უფლებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის სტუდენტებისთვის მობილობის გადასახადი არ ვრცელდება. ანუ ამ შემთხვევაში სტუდენტის უფლება სრულად არის დაცული. ზუსტად ასე მოხდა, როცა "აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტს" ხუთწლიანი ვადა გაუვიდა და ახალი ავტორიზაცია ვერ მიიღო. ამ შემთხვევაშიც, სტუდენტები მობილობის წესით გადავიდნენ სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში. რაც შეეხება სტუდენტების არაინფორმირებულობას, იქიდან გამომდინარე, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ აქვს, დაწესებულების მოვალეობაა, აცნობოს თავის სტუდენტებს ავტორიზაციის დაკარგვის შესახებ. თუ დაწესებულების ხელმძღვანელობამ სტუდენტები მოატყუა და თაღლითური გზით სწავლის საფასური გადაახდევინა, ამას შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭოს. განათლების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ჩვენს ვებგვერდზე პირდაპირ არის ჩამოთვლილი, რომელია ავტორიზებული დაწესებულება და რომელი არა. NAEC-ის ვებგვერდზე მხოლოდ ავტორიზებული დაწესებულებების ჩამონათვალია, ჩვენს ვებგვერდზე კი ლიცენზირებულ რეჟიმში მყოფი დაწესებულებების ჩამონათვალსაც იხილავთ. შესაბამისად, სასწავლებლის არჩევისას სტუდენტს და მშობელს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰმართებთ, რათა სწორი არჩევანი გააკეთონ.