სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული "არკენსტოუნ მენეჯმენტ ლიმიტედი", ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "ედპროჯექტს ინკსი", პანამაში დაფუძნებული "ები კეპიტალი" და კიდევ ბევრი ასეთი ოფშორული კომპანია დგას საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესჯგუფების უკან. ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისა და შემდეგ მისი საშუალებით ბიზნესის მართვის მთავარი ხიბლიც ეს არის, ვერასდროს გაიგებ, ვინ არიან მისი დამფუძნებლები და შესაბამისად, ვერც მათი გამდიდრების საფუძველს მიაგნებ. თუმცა, ბოლოდროინდელი ინფორმაციით, ოფშორს ამოფარებულ მილიარდერებს მალე, შესაძლოა, მყუდროება დაურღვიონ...
ოფშორები მალე, შესაძლოა, უფრო გამჭვირვალე გახდეს და შესაბამისად, გართულდეს კომპანიებისთვის კაპიტალის ოფშორებში დამალვა - "ბიბისის" ცნობით, მაგალითად, კაიმანის კუნძულების სახელმწიფო ფინანსური რეგულატორი კომპანიებს დაავალდებულებს, მათი დირექტორებისა და ერთი აქციონერის ვინაობა მაინც გაამხილონ. აქამდე ეს ინფორმაცია კონფიდენციალური იყო. ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთის კუთვნილმა ოფშორებმა, მათ შორის ბერმუდის კუნძულებმა, ევროპულ სახელმწიფოებს ავტომატურად უნდა გადასცენ ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ და ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია მონაცემებს ექვსი ოფშორული ზონიდან მიიღებენ. ამ გზით ევროპა ცდილობს იმ ბიზნესმენების ძებნა გაიადვილოს, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. არადა, სხვადასხვა მონაცემით, ოფშორებში, დაახლოებით, $11,5-დან $22 ტრილიონამდეა გადამალული. ე.წ. საბანკო და საგადასახადო სავანეები, აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, მსოფლიო მასშტაბის დამნაშავეებს მოპარული მილიონების გადამალვაში ეხმარება. ბოლო ათწლეულების ისტორია ცხადყოფს, რომ თავად ოფშორების არსებობა ხდის შესაძლებელს დიდი ფულის მიტაცებას, რაც არაერთი ქვეყნის გაღარიბების მიზეზი ხდება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ოფშორების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში იწყება ბრძოლა.
საიდან გაჩნდა ოფშორები
გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, გერმანიიდან დიდი ოდენობით კაპიტალი გაედინებოდა და ფულის დიდი ნაწილი მეზობელ შვეიცარიაში ილექებოდა. გერმანიის ხელისუფლება ცდილობდა ამ პროექტისთვის ხელის შეშლას, მაგრამ კანონდამრღვევებს რეგულაციები არ აშინებდათ. ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ რაიხსტაგმა მიიღო კანონი გერმანიის ეკონომიკის ღალატის შესახებ. ის ყველა გერმანელსა და გერმანიაში მცხოვრებ უცხოელს ავალდებულებდა უცხოეთის ბანკებში ფულადი ანგარიშების დეკლარირებასა და რეგისტრაციას. კანონის შეუსრულებლობა მკაცრად - პატიმრობით ისჯებოდა. რა თქმა უნდა, შვეიცარიელ ბანკირებს ეს ხელს არ აძლევდათ და 1934 წელს შვეიცარიაში მიიღეს კანონი საბანკო საიდუმლოების შესახებ - ბანკებს არ ჰქონდათ უფლება, მათი კლიენტების ვინაობა და შენატანის მოცულობა გაემხილათ. ბანკის თანამშრომლები ვალდებული იყვნენ, საიდუმლო კლიენტების შესახებ სამსახურიდან წასვლის შემდეგაც შეენახათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხე ემუქრებოდათ. ასე გაჩნდა პირველი ლეგალური მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იყო საგულდაგულოდ დაგემალა ფული, მისი წარმომავლობის მიუხედავად. იმავდროულად იქმნებოდა ამ ფულის სარფიანად განკარგვის მექანიზმიც - ცნობილი, როგორც "საგადასახადო სავანე".
ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაბალი გადასახადებით იზიდავდა ქვეყანაში კაპიტალს, კვლავაც შვეიცარია იყო. 1930 წელს ბერმუდის კუნძულებზე მიიღეს კანონი უცხოური კომპანიების რეგისტრაციის გამარტივების შესახებ. 50-იანი წლების ბოლოს უკვე ოფშორის ცნება გაჩნდა, 60-იან წლებში კი მსოფლიოში ე.წ. ოფშორული იურისდიქციების მთელი ქსელი განვითარდა. ლუქსემბურგი, კაიმანის კუნძულები, სინგაპური, მენის კუნძული, კონფიდენციალურ საბანკო მომსახურებასთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებსაც სთავაზობდნენ. მოკლედ, გაჩნდა მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მარტივად გაძლევდა შესაძლებლობას, ოფშორულ ბანკებში დიდძალი ფული შეგენახა, მიუხედავად მისი წარმომავლობისა. აქვე ამ ფულით შეიძლებოდა კომპანიის ან კომპანიების დაფუძნება და მათი მეშვეობით უკვე "პატიოსნად" ბიზნესის კეთება ნებისმიერ ქვეყანაში. კანონდარღვევისა და მომხვეჭელობისკენ მიდრეკილ ადამიანებს ეს დიდ პერსპექტივებს უქადდა. ისტორია ცხადყოფს, რომ ასეთი სქემით ძირითადად ბიუჯეტიპარია ხელისუფალნი მოქმედებდნენ.