ვინ იცის, რამდენჯერ უფიქრია პატარა თურგაი ჯინერის, ეს ამოდენა ჩაის ფოთოლი ნეტავ ფულად აქციაო და აუხდა კიდეც...
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის კიდევ ერთი წარმოშობით ქართველი, თურქეთში მცხოვრები თურგაი ჯინერია. მედიაში მისი ქონების შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. ერთი ინფორმაციით, მისი ქონება 7 მილიარდ დოლარად ფასდება, გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ფორბსი" კი მის წილად 1 მილიარდ დოლარს ითვლის.
1956 წელს თურგაი ჯინერი საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ხოფაში დაიბადა. აქვე გაატარა ბავშვობა. მის მშობლებს ჩაის პლანტაცია ჰქონდათ და პატარა თურგაი ხშირად მიჰყავდათ ჩაის საკრეფად: შრომას ბავშვობიდან მიეჩვიოსო. ისიც არ იზარებდა და მშობლებს მონდომებით ეხმარებოდა. ვინ იცის, რამდენჯერ უფიქრია, ეს ამოდენა ჩაის ფოთოლი ნეტავ ფულად აქციაო და აუხდა კიდეც.
ჯინერის ოჯახმა რიზეში ჩაის პლანტაცია გაყიდა და საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა. თურგაიმ სტამბოლის უმაღლესი ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლაში განაგრძო სწავლა. სწავლის დამთავრების შემდეგ კი თურქულ ავტოკომპანია "პარსასალიკში" დაიწყო მუშაობა. საქმეს ალღო მალევე აუღო და საკუთარი ბიზნესის წარმოება გადაწყვიტა. 24 წლის იყო, როცა საკუთარი საქმე დაიწყო. ძმასთან ერთად გერმანიიდან მანქანები ჩამოჰყავდა და სტამბოლში ყიდდა. საქმე საკმაოდ მომგებიანი გამოდგა და რაც მთავარია, თურგაის შესანიშნავი ბიზნესალღო აღმოაჩნდა.
"პერეგონშიკობით" ნაშოვნი ფულით 1988 წელს ჯინერმა "ანადოლუ ინდასტრი ჰოლდინგი" ჩამოაყალიბა და პარტნიორებთან ერთად ერაყში ენერგომატარებლების ექსპორტში ჩაერთო. მას შემდეგ კი, რაც სპარსეთის ყურეში კრიზისი დაიწყო, რუსეთის ბაზარს მოუსინჯა კბილი. ჯინერი თურქეთ-რუსეთს შორის სატელევიზიო ტექნიკით ვაჭრობდა. საქმე კარგად წავიდა და გადაწყვიტა, დსთ-ის რეგიონში ბიზნესი გაეფართოებინა: უზბეკეთში საფეიქრო მრეწველობაში დააბანდა ფული და რამდენიმე ფაბრიკა გახსნა შუა აზიის სხვა ქვეყნებში.
1995 წელს უკვე მილიონერმა ჯინერმა 36 მილიონ დოლარად შეიძინა ფირმა "ჰავაშის" აქციათა საკონტროლო პაკეტი. ეს კომპანია აეროპორტებს ემსახურებოდა და ერთ-ერთი წარმატებული იყო ამ სფეროში. 2005 წლის ზაფხულში კი "ტავ ჰოლდინგმა", რომელიც თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სექტორში ლიდერია და აეროპორტებისა და ტერმინალების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას მისდევს, თურგაი ჯინერის ჯგუფისგან კომპანია "ჰავაშის" აქციების 60% იყიდა. მას შემდეგ "ჰავაში" ერთობლივი კომპანია გახდა და სახელად "ტავ-ჯინერ გრუპ პარტნერშიპი" დაერქვა. ეს პარტნიორობა წარმატებით 2007 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა. შემდეგ ჯინერის ჯგუფმა საავიაციო სექტორის დატოვება გადაწყვიტა და თავისი კუთვნილი აქციების დარჩენილი 40% "ტავ ჰოლდინგს" მიყიდა.
სხვათა შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი "ტავ ჰოლდინგის" პირველი საერთაშორისო პროექტი იყო, სადაც მისი შვილობილი "ტავ ჯორჯია" 2005 წლიდან ოპერირებს. ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც "ტავ ჯორჯიამ" ააგო, 2007 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის უფლება "ტავ ჰოლდინგს" ოცი წლის ვადით გადაეცა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ, "ტავ აეროპორტების ჰოლდინგმა" რეგიონში ინვესტიციები განაგრძო და 2007 წლიდან ოცი წლით მოიპოვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებისა და მართვის უფლება.