"უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული, ქართული და უცხოური მედიით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ახალ ხელისუფლებაში სოლიდურ პოსტს დაიკავებდა. ტყუილი გამოდგა გავრცელებული ხმები, თითქოს სააკაშვილს უკრაინის ახალი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩევლის პოსტს სთავაზობდა. "ალიამ" მოიპოვა კულუარული ინფორმაციები იმის შესახებ, მართლა განიხილებოდა თუ არა სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის საკითხი უკრაინის ხელისუფლებაში, რამდენად აქტუალური იყო ეს თემა და ვინ და რატომ დაბლოკა მისი კანდიდატურა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რას არ აპატიებს ამერიკა სააკაშვილს?
გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილის მრჩევლობის საკითხი ამერიკამ დაბლოკა. როცა პოროშენკომ არჩევნებში გაიმარჯვა, მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს სახელმნწიფო მდივნის მოადგილესთან, ვიქტორია ნურლანდთან. სწორედ ამ შეხვედრაზე განუცხადა ნურლანდმა პოროშენკოს, რომ სააკაშვილისთვის არანაირი პოსტი არ მიეცა ახალ ხელისუფლებაში, რადგან ეს არც ამერიკის ინტერესებში შედიოდა და არც უკრაინისა. ნურლანდს ღიად უთქვამს უკრაინის პრეზიდენტისთვის, რომ პოლიტიკაში სააკაშვილის დრო დასრულდა, საქართველოს პრეზიდენტობის დროს მის კარიერაში ბევრი შავი ლაქა გაჩნდა და ბევრი ისეთიც, რომელთა პატიებასაც ამერიკა სააკაშვილისთვის არ აპირებს. სწორედ ამერიკის დაჟინებული მოთხოვნის შედეგია, რომ სააკაშვილი არა თუ საერთაშორისო, არამედ საშინაო, ქართულ პოლიტიკაშიც არ ერევა. მისი გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში დესტაბილიზაციასა და უმართავი პროცესების დასაწყისი იქნება, ამერიკას კი დღეს სტაბილური საქართველო და კავკასია სჭირდება, შესაბამისად, მხარს უჭერს ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას. ნურლანდის აზრით, თუ სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად იმუშავებს, უკრაინას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაც გაუჭირდება, რადგან ეს ფაქტი რუსეთს ძალიან გააღიზიანებს და ისედაც უარესად დაიძაბება ურთიერთობა", - დასძენს გამოცემა.