თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე დედათა მონასტრებში მონაზონთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წერს. მინისტრის მეუღლე წუხს, რომ დედათა მონასტრული ცხოვრება მასმედიით აქტიურად არ შუქდება.
"ჩემი შვილი დაბრუნდა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო კომპლექსიდან (იგივე ვედეენხა) და მომიტანა ღვთაებრივი გემოები, - ფოკის დედათა მონასტრის მონაზვნების მიერ უნიკალური რეცეპტებით დამზადებული რამდენიმენაირი ყველი და ჯემები. თვითონ ვერ წავედი, გვიანსეზონური გრიპი მაქვს. დედა ელისაბედი არის ამ მონასტრის იღუმენია, - ქალი ბიოგრაფიით, რომელიც სულ პატარა გოგო წავიდა სამცხე-ჯავახეთის საზღვარზე იმ დროს, როცა თბილისში ომი იყო, როცა სამაჩაბლო და აფხაზეთი იკარგებოდა, როცა გზა ფოკისკენ არ არსებობდა, მობილურ ტელეფონზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ ვინმეს ხანდახან მაინც მოეკითხა. დეტალებს აღარ მოვყვები, რამდენი გასაჭირი ნახა, არ ვარ დარწმუნებული, ესიამოვნება თუ არა მასზე ამდენი ლაპარაკი, მაგრამ ფაქტი ერთია, იმ საშინელ დროს ეს ადამიანები, როგორც საზღვრის გუშაგები დაფუძნდნენ ამ უმკაცრეს კლიმატურ (სხვა რომ არაფერი ვთქვათ) პირობებში და გამართეს სამონასტრო საქმიანობა. დღეს იქაურობა შვეიცარიას გავს (ევროპას ვადარებ, როგორც მოვლილობის და კულტურულობის საზომს). ეს არ არის ერთადერთი მაგალითი სხვადასხვა მონასტრის მონაზვნების საოცარი საქმიანობის. სულ მიკვირს, რატომ არ შუქდება, რატომ არ ვრცელდება მათ შესახებ ინფორმაცია. ელისაბედმა ერთხელ მიპასუხა, იმიტომ რომ ეგ ამპარტავნება იქნებაო. მე კი მგონია, რომ აღმზრდელობა და სწორი მაგალითების ჩამოყალიბება იქნება.
მოკლედ, ასეთი ყველი არ მიჭამია არსად და არასდროს, ბოლო ნარჩენებიღაა, თუ მიუსწრებთ, თქვენც შეთხზავთ სტატუსს, დარწმუნებული ვარ :)))", - წერს ფანჯიკიძე.