საქართველოში მომრავლებული რელიგიური დაჯგუფებები, სექტები რიცხობრივად ტოლს არ უდებენ პოლიტიკური პარტიების სიმრავლეს. აზრთა სხვადასხვაობა და ურთიერთდაპირისპირება სექტებს შორის საკმაოდ მძაფრ ხასიათს ატარებს, თუმცა დემოკრატიული წყობა თავისთავად გულისხმობს აღმსარებლობის თავისუფლებას. ამასთან, ბოლო დროს, გახშირდა ხმები, საქართველოში სატანისტური სექტების არსებობის შესახებ.
თბილისის ერთ-ერთი "სასწრაფო სამედიცინო დახმარების" ბრიგადას, უცნაურ პაციენტთან შეხვედრა მოუხდა. ვინაიდან ეს ვიზიტი კონფლიქტით დამთავრდა და ექიმებს, საკუთარი პრინციებიდან გამომდინარე, სამართალდამცავებისთვის, არაფერი უცნობებიათ და ჩვენც გვთხოვეს, ორგანიზაციის და მედპერსონალის ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა, მხოლოდ სახელებით შემოვიფარგლებით.
გია, ექთანი:
- დაახლოებით ღამის 12 საათზე გამოგვიძახეს კანდელაკის ქუჩაზე. გვითხრეს, რომ ავადმყოფი თავს ცუდად გრძნობდა. კარი უჩვეულოდ დაბალმა კაცმა გაგვიღო. შენობაში მე და ჩემი ექიმი შევედით. ის, რაც გარედან ჩვეულებრივი სახლის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შიგნით საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა: შენობას ფანჯრები არ ჰქონდა, უცნაური სუნი ტრიალებდა და საშინელი აურა იგრძნობოდა. პაციენტი, მამაკაცი აღმოჩნდა, გრძელი წვერით და უცნაური გარეგნობით, თუმცა სიმპათიური. სხვათა შორის, ყველა იქ მყოფ მამაკაცს გრძელი წვერი ჰქონდა, რუსულად ლაპარაკობდნენ. როდესაც ვკითხეთ თუ რა აწუხებდა, მამაკაცის ხელებსა და ფეხებზე მიგვითითეს. არც ერთ თითზე ფრჩხილი არ ჰქონდა - თითქოს ძალით დააძრესო, - და ღია ჭრილობები იყო დასამუშავებელი. ცუდად ყოფნაც, სწორედ თითების ტკივილებმა გამოიწვია. რა თქმა უნდა, დავინტერესდით ამის გამომწვევი მიზეზით. საკმაოდ ლამაზმა ქალმა გვიპასუხა, რომ ასეთ მსხვერპლს მათი რწმენა მოითხოვდა. ჭრილობების დამუშავება რომ დავიწყეთ, ავადმყოფი გააფთრებული მეცა, გინება დამიწყო და დანარჩენებმაც მას დაუჭირეს მხარი. რის ვაივაგლახით დავაღწიეთ თავი იქაურობას. ვინაიდან არც ერთ კარს შიგნიდან სახელური არ ჰქონდა. დღეს ეს მისამართი ჩვენი "სასწრაფო დახმარების" შავ სიაშია შესული.
ლელა ქართველიშივლი, "რწმენის თავისუფლების ცენტრი":
- საქართველოში სატანისტური სექტების არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენც ვფლობთ. დაახლოებით ორი ან სამი ასეთი ჯგუფი უნდა არსებობდეს. ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები საკმაოდ მზარდია. მათ საკმაოდ მკაცრად განსაზღვრული რიტუალები აქვთ და რიტუალებისა და შავი მაგიის მეშვეობით ახდენენ საზოგადოებაზე ზეგავლენას. მათი მომრავლება საქართველოში გაცილებით დიდ საშიშროებას ქმნის, ვიდრე ვთქვათ, იეღოველების. იეღოველებს აქვთ საკუთარი, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული მოძღვრება, რომელიც საზოგადოებისათვის მიუღებელია, მაგრამ სატანისტებისაგან განსხვავებით, ისინი ქველმოქმედებასაც ეწევიან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სატანისტური ორგანიზაციები სხვადასხვა რეგიონშია მიმოფანტული და ისინი ერთმანეთს სატელევიზიო მორბენალი სტრიქონის წარწერებით უკავშირდებიან, რომელშიც კოდირებული ტექსტია ჩადებული.
- რითია განპირობებული რელიგიური უმცირესობების მომრავლება?
- ჩვენი საზოგადოება ახალი გამოსულია ათეიზმის ეპოქიდან. ათეისტური იდეოლოგიის პირობებში თაობები გაიზარდა. მაგრამ ამავე დროს ბევრი ადამიანისთვის, მართლმადიდებლობა თითქოს ჩაენაცვლა კომპარტიის იდეოლოგიას: დღეს ყველა ჩინოსანსა და პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მისთვის სავალდებულოა, იყოს სანიმუშო ქრისტიანი. ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკით, საქართველოს მოსახლეობის 99% მართლმადიდებელია, მაგრამ ნამდვილი მორწმუნე აქედან მხოლოდ 3%-ს თუ შეადგენს, სარწმუნოება დღეს ფორმალიზმამდე დავიდა და სწორედ ამან მოიტანა ზემოთ ხსენებული პრობლემა.
- რომელი რელიგიური მიმდინარეობები ითვლება საქართველოში ტრადიციულ რელიგიებად?
- რელიგიები, რომლის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის ქვეყანაში, ითვლება ტრადიციულ რელიგიად. საპატრიარქომ ხელისუფლებასთან ერთობლივი განცხადება გააკეთა ტრადიციულ რელიგიებთან დაკავშირებით: ესენია: იუდაიზმი, ისლამი, კათოლიციზმი, ლუთერანობა, გრიგორიანობა, ბაპტისტური მიმდინარება და თვით მართლმადიდებლობა. მაგალითად, ბაპტისტურ ეკლესიას 140-წლიანი ისტორია აქვს ჩვენს ქვეყანაში. არის არეთვე ახალი რელიგიური მიმდინარეობები - ისეთი როგორებიცაა: "ორმოცდაათიანელები", იგივე "ხარიზმატები", "ადვენტისტები". იეღოველებს ნამდვილად ვერ შევიყვან ამ რელიგიურ სპექტრში, ვინაიდან თვით მსოფლიოს საეკლესიო საბჭო არ ცნობს მათ, როგორც ეკლესიურ მიმდინარეობას – ეს უფრო, საზოგადოებრივი გაერთიანებაა. თუმცა, ამის მიუხედავად, მათ არავინ ხელყოფს მსოფლიოში.
- რა სახის რიტუალები ახასიათებს ამ სექტებს?
- მაგალითად, "ხარიზმატები" ცდილობენ რიტუალებისაგან თავის დაღწევას ანუ ირჩევენ ღვთისმსახურების თავისუფალ ფორმას. შეუძლიათ, რომ ტაშიც შემოჰკრან ან ცეკვის ელემენტი შეიტანონ ღვთისმსახურებაში. ისინი უპირატესობას სულის თავისუფლებას ანიჭებენ და შესაძლოა, ეს სხვა ფორმებშიც გადავიდეს. ამგვარი სექტები ახალგაზრდებს უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს. არ არსებობს შეზღუდვები, ჩაცმულობ აელემენტებში და ა.შ. მე არ ვამბობ, რომ ეს საშიშია, მაგრამ ჩვენი კულტურისათვის ნამდვილად მიუღებელია. ამიტომ აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ ჯერ თვით ეს სფერო უნდა შევისწავლოთ საფუძვლიანად.
სექტანტების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოიკრიბონ თავიანთ რიგებში. ისინი ასეთ ხალხს დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლებს შორის ეძებენ. აგიტაციისა და საკუთარი მოძღვრების წყალობით, საკუთარი მოძღვრების სამართლიანობაში არწმუნებენ და სოციალური სიდუხჭირის დაძლევის საკუთარ ვარიანტს სთავაზობენ. ამგვარი გზით "ორმოცდაათიანელებში" ათასობით ადამიანია გაერთიანებული. ეს ქრისტიანული სექტა ამერიკის შეერთებულ შტატებში XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და საქარველოში ბოლო ათწლეულის მანძილზე საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი. ისინი არ აღიარებენ ეკლესიას, ჯვარს, ხატებს და ქრისტიანულ რიტუალებს. ლოცვების დროს ამ ადამიანებს სჯერათ, რომ მათში სულიწმიდა სახლდება და თავისებურ, არაბუნებრივ ენაზე ალაპარაკებს. ცნობისმოყვარეები ხშირად მიდიან ექსტაზში ჩავარდნილი სექტანტების სანახავად. "ორმოცდაათიანელების" ყოველი წევრი ვალდებულია, ჯამაგირის მეათედი, სექტაში დატოვოს და ამით შრომისუუნარო წევრებს დაეხმაროს. გარდა ამისა, ხშირია მათი მისამართით უცხოეთიდან გამოგზავნილი სხვადასხვა სახის შემოწირულობაც. ამგვარი პირობები მავანთათვის შესაძლოა, მაცდუნებელი იყოს, მაგრამ ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ იქიდან გამოღწევა ძალზედ გაძნელდება...
ემა გელოვანი
ჟურნალი "გზა"
ასევე დაგაინტერესებთ: 5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში