დიზაინერმა დეა დევდარიანმა 2012 წელს სამხატვრო აკადემიაში კოსტიუმისა და ქსოვილის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. სადიპლომო ნამუშევარი შექმნა თემაზე "მირაჟი", რომელიც თბილისის მოდის კვირეულზე წარადგინა და პრიზიც მოიპოვა.
- ჩემი კოლექცია კომერციული ხასიათის და ყველასათვის გასაგები გახლავთ, თავისუფალია სიმძიმეებისა და გადატვირთული ჩანაფიქრებისაგან. მინდოდა, ყოფილიყო კომფორტული და აქტუალური. საინტერესოა ქსოვილის თვალსაზრისით, რადგან აბრეშუმი ხელითაა მოხატული, თავშლები კი დამუშავებულია შიბორის ტექნოლოგიით. მოსაცმელები გახლავთ იაპონურ სტილში, განიერი სახელოებით, ასიმეტრიითა და დრაპირებებით. საერთო ჯამში, კოლექცია ფერადი, რომანტიკული და ჰაეროვანია.
- რომელი პერიოდი ახდენს გავლენას წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის მოდის ტენდენციებსა და სილუეტზე?
- გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში 60-70-იანი წლების გავლენა იგრძნობა. წელს მოდურია ჰაეროვანი, ელეგანტური სილუეტი, სპორტულისა და რომანტიკულის, ასევე სპორტულისა და კლასიკურის სინთეზი. მოდაშია მაღალწელიანი, თავისუფალი, ფართოტოტიანი შარვლები. მოკლე, თავისუფალი, პრინტიანი მაისურები და ტოპები.
- რომელი ფერებია აქტუალური ამ სეზონზე?
- წელს მოდაშია სიჭრელე. ქალებს შეუძლიათ, თავს უფლება მისცენ, თავისუფლად შეარჩიონ სასურველი ფერი, თუმცა ჟოლოსფერი, ატმისფერი, მწვანე, ვარდისფრის გრადაცია და ზოგადად, ნათელი და ხალისიანი ფერები ამ სეზონის ტენდენციაა.