ყირიმი არის, იყო და იქნება უკრაინა, - ამის შესახებ უკრაინის ახალმა, რიგით მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის უმაღლეს რადაში ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ყირიმი არის, იყო და იქნება უკრაინა. ამის შესახებ მკაფიოდ განვუცხადე ნორმანდიაში რუსეთის ხელმძღვანელობას. უკრაინა არ შეეგუება ყირიმის ანექსიას", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
როგორც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, უკრაინაში დადგა გადამწყვეტი და შეუქცევადი ცვლილებების დრო. მისივე თქმით, პრეზიდენტად იმიტომ მოდის, რომ უკრაინელებს მშვიდობის გარანტია მისცეს.
"პრეზიდენტად მოვდივარ, რათა უზრუნველვყო და გავამყარო უკრაინის ერთიანობა, გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება. მშვიდობა – ეს მთავარია, რაც ახლა უკრაინელ ხალხს უნდა. მე არ ვისწრაფი შურისძიებისკენ, მინდა მშვიდობა და ერთიანობა და ყველას ვთხოვ, იარაღის დაყრას", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
ამასთან, პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას კიევში 56 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოდან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრება.