ძიძის ინსტიტუტი ბევრ ქალს დაეხმარა, რომ არ ყოფილიყო მხოლოდ დედა და ცოლი. შედეგად, დღეს გვყავს წარმატებული, საქმიანი სუსტი სქესი, რომელიც სამსახურთან ერთად ოჯახსა და შვილებსაც არ აკლებს ყურადღებას, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია.
შვილისთვის დედას ყველაფერი ყოველთვის გამორჩეულად კარგი უნდა. ამიტომაც ძალიან საფრთხილოა ძიძის შერჩევის საკითხი. ძნელია, საკუთარი შვილი ანდო უცხო ადამიანს. უმარავი დეტალია გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ ბავშვზე დედის არყოფნამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს, ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიიღოს და ა.შ. გადავწყვიტეთ, ჩვენს სელებრითებთან გვესაუბრა ძიძის შერჩევის, ფუნქციების, როლისა და მოვალეობების შესახებ. მათთან, ვისაც ამ საკითხში გამოცდილება დაუგროვდა და შეუძლია, სხვებსაც გაუზიაროს.
ანა კოშაძე:
- ძიძა მაშოზეც მყავდა და ანასტასიაზეც. მაშოს თავისი ძიძა რუსკა ძალიან უყვარდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო წასვლა მოუხდა. შემდეგ მალევე გაჩნდა ანასტასია და ავიყვანეთ ნანა, რომელიც დღემდე ჩვენთან მუშაობს და ბავშვებს ძალიან უყვართ, განსაკუთრებით - ანასტასიას. სხვათა შორის, ნანასაც გამორჩეული დამოკიდებულება აქვს მის მიმართ, ალბათ იმიტომ, რომ მისი გაზრდილია და ამაგიც დიდი აქვს.
- როგორ აარჩიეთ ძიძა?
- საერთოდ, ძალიან ძნელია ძიძის შერჩევა. ჩემს ბევრ ახლობელს სააგენტოს მიერ შერჩეული კარგი ძიძები ჰყავთ, მე კი ორივე ბავშვისთვის მაინც რეკომენდაციის და საახლობლოში გაკითხვის შედეგად ავიყვანე ძიძა. ნანას ჩემთან ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა, როცა სრულიად შემთხვევით ჩემი მეგობრის მეგობარს შევხვდით ქუჩაში და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ნანა ადრე თურმე მათთან მუშაობდა და ძალიან გახარებულები დარჩნენ მასთან შეხვედრით, რაც ჩემთვის კიდევ უფრო სასიხარულო იყო.
- მაშოსთვის პირველ ძიძასთან განშორება და ახალთან შეგუება რთული არ იყო?
- კი რთული იყო, ენატრებოდა, ახსენებდა, რუსკაც მოდიოდა ხოლმე ბავშვის სანახავად, მაშოს კი არა, ჩვენც გვენატრებოდა, რადგან ჩვენზეც დიდი ამაგი ჰქონდა. გამომრჩა ქალბატონი ჟანა, რომელიც რუსკას შემდეგ ჩვენთან მუშაობდა, ისიც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ ცოტა ხნას მოუწია ჩვენთან ყოფნამ, მალე საზღვარგარეთ წავიდა... თავი მანაც ძალიან კარგად დაგვამახსოვრა, ცხარე ცრემლით ვტიროდი და დარჩენას ვთხოვდი (იცინის). ურთიერთობების აწყობა მაშოს არ უჭირს, მაგრამ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც რუსკას მიმართ ჰქონდა, არავისთან გამოუხატავს, ალბათ ამაგსაც მნიშვნელობა აქვს.
- ღამეც უწევს შენთან დარჩენა ძიძას?
- იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ვცხოვრობთ, ნანა სულ ჩვენთანაა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ანუ ჩვენთან ცხოვრობს, შაბათ-კვირას ისვენებს.
იხილეთ სრულად