"მეუღლე და ორი პატარა ბიჭი დარჩა დათოს... თბილი წესიერი, უსიტყვო, ყველასთვის საიმედო და საყვარელი ადამიანი იყო. მხოლოდ მის ოჯახს კი არა, მთლიანად სოფელს დააკლდა..." - ამბობს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომის რწმუნებული 27 წლის დავით ლომაძეზე, რომელსაც მესამე დღეა მაშველები ურეკის სანაპიროს მიმდებარე ადგილებში ზღვაში ეძებენ.
მაყვალა დარჩია, გამგებელი:
- ოჯახში ვიყავით მისული, არავის ვუსურვებ იმის საცოდაობის ნახვას, რაც იქ ტრიალებს. ჩემს სოფელში გაიზარდა და ვიცოდი, რომ ძალიან კეთილშობილი ბიჭი იყო, მაგრამ ასეთი დიდსულოვანი და გაბედული თუ იქნებოდა, არ მეგონა.
- დედ-მამა ჰყავს?..
- დიახ, ძმაც ჰყავს... დათო და მისი მეგობრები ურეკში, მშენებლობაზე მუშაობდნენ. კეთილსინდისიერი ბიჭი იყო, შრომაში თავს არ ზოგავდა. ობლობაში გაზრდილი გოგონა ჰყავს ცოლად, ცდილობდა, არაფერი მოეკლო და თავს ევლებოდა ცოლ-შვილს. ყველასთვის საყვარელი ოჯახი იყო... იმ დღეს დათო და მისი ორი მეგობარი, ორმოცაძე და ქურცუა ერთად ყოფილან, - შუადღისას როდესაც შეუსვენიათ, ქურცუას და ორმოცაძეს უთქვამთ, წყალს გადავივლებთო და ზღვაში ჩასულა. სანაპირო ზოლში ძალიან ბევრი "ჭაა" და იქ ბანაობდნენ თურმე, ქურცუას რომ დაუყვირია, მიშველეთ, ვიხრჩობიო, - ჯერ თოკი გადაუგდია დათოს ამოსაყვანად, მერე კი პირდაპირ ტანსაცმლით გადამხტარა... შემდეგ რა მოხდა, არავინ იცის... ქურცუა და ორმოცაძე კი გამოსულან სამშვიდობოს, მაგრამ დათოს ეტყობა, ტალღამ დაარტყა და ჩაითრია.
- ცურვა არ იცოდა?..
- არცერთმა არ იცოდა, მაგრამ სანაპიროზე წყალი დაბალია და ამ იმედით შევიდნენ...
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე
ასევე იხილეთ: ურეკში 27 წლის ბიჭმა მეგობრები გადაარჩინა თვითონ კი დაიხრჩო