მარნეულში საოლქო კომისიის თავმჯდომარეს გიგი უგულავამ და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გიგი უგულავა, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები საოლქო კომისიის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში შევიდნენ და თავმჯდომარისგან განმარტებები მოითხოვეს, თუ რატომ აპირებენ აკმამედ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნას.
გიგი უგულავამ ცესკო-ს წარმომადგენელი ხელისუფლების სასარგებლო მიდგომაში დაადანაშაულა.
კომისიის შენობასთან საპარლამენტო ოპოზიციის 100-მდე აქტივისტია, რომლებიც გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მარნეულში პარტიის გამგებლობის კანდიდატზე ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს უწყებათაშორის კომისიას მიმართა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ფოთსა და რუსთავში კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ არც კი განიხილა საჩივარი, რომელიც ამ ორი პიროვნების საქართველოში ცხოვრების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების საკითხს ეხებოდა. ამ ფონზე მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის მიმართ ანალოგიური საქმის წარმართვას აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს და საარჩევნო კანონმდებლობის შერჩევითად ინტერპრეტაციის მაგალითს წარმოადგენს.