ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ სცადა შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება, როდესაც მან განაცხადა, რომ "გუდაური სქაი რეზორტისათვის" ჯარიმის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო ცენტრალურმა მთავრობამ. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სინამდვილეში, დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო ქალაქ თბილისის მერიამ.
"თბილისის მთავრობამ 2014 წლის 23 აპრილს მიმართა სასამართლოს დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 193 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის შესახებ, ხოლო ორ დღეში, სარჩელი უკან გაიწვია და გამოსცა განკარგულება ჯარიმისგან კომპანიის გათავისუფლების შესახებ.
დადგენილებას ხელს აწერს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მათივე თქმით, რაც შეეხება ცვლილებებს ხელშეკრულებაში, აღნიშნულ თემას არანაირი შემხებლობა არ აქვს ჯარიმის გაუქმებასთან.
"გუდაური სქი რეზორტის" ხელმძღვანელებმა ცენტრალურ მთავრობას სთხოვეს ხელშეკრულების პირობების შეცვლა, იმ დროს, როდესაც მათ მიერ უკვე დარღვეული იყო საინვესტიციო ვალდებულებები და ხელშეკრულების თანახმად, უკვე დაჯარიმებული გახლდათ თბილისის მერიის მიერ. აღნიშნულმა დოკუმენტმა გაიარა მთავრობის სხდომა და გადაეგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს არის ორი, აბსოლუტურად განსხვავებული საკითხი და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ცენტრალურ მთავრობას ჯარიმის გაუქმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყება ასევე შპს "გუდაური სქი რეზორტსა" და ქ. თბილისის მთავრობას შორის გაფორმებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ 2011 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ" დადგენილებას ავრცელებს, რომელსაც მათი თქმით, ხელს მერის მოადგილე, ირაკლი აბესაძე აწერს.
გიგი უგულავა სოციალურ ქსელში დოკუმენტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც მერიამ კომპანია "გუდაური სქი რეზორტს" ვალდებულება გადაუვადა.
"ეს არის მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც მერიამ ამ კომპანიას ვალდებულება გადაუვადა. რაც არ უნდა ისტორია შეთხზას ღარიბაშვილმა, ვინც არ უნდა გაპრესოს და რაც არ უნდა ალაპარაკოს ფინანსურმა პოლიციამ თბილისის მერია, მე ან მით უმეტეს ჩემი ქვისლი როგორ აიძულებდა მთავრობას (ივანიშვილს) დათანხმებულიყო მერიის წინადადებას. მეტიც, თუ არ წაშალეს ახლა, მთავრობის სტენოგრაფიული ჩანაწერებიც უნდა არსებობდეს, სადაც ეკონომიკის მინისტრი მხარს უჭერს წინადადებას, ივანიშვილი ღარიბაშვილს ავალებს შესწავლას და სამი თვის მერე იღებს ამ განკარგულებას. ასე, რომ ყველა თქვენი ტყუილი საპნის ბუშტივით გასკდება და წინ დაგხვდებათ", - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.