"ქართველებმა ცხოვრების ყველაზე დიდი სტრესი მიიღეს, როდესაც 13 მარტს არხმა "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ტანკები ქვეყანას ხელახლა იპყრობდნენ, 2008 წლის ომიდან 18 თვის შემდეგ", - წერს გამოცემა Time.
როგორც სტატიის ავტორი გლენ ლევი წერს, შაბათს საღამოს, ტელევიზიები მაყურებელს ჩვეულებისამებრ, სახალისო შოუებს, ფილმებსა და სპორტულ გადაცემებს სთავაზობენ. თუმცა, ქართველებმა შოკი მიიღეს, როდესაც "იმედზე" პრაიმ-ტაიმის დროს შეიტყვეს, რომ რუსული ტანკები მათ ქვეყანას იპყრობენ.
"ალბათ წარმოგიდგენიათ პანიკა, რომელიც სავსებით გასაგებია - ხალხი ქუჩაში გაიქცა და სატელეფონო ხაზების ქსელი ფაქტობრივად მოიშალა. საბედნიეროდ, ომი არ იყო, მაგრამ ტელეარხმა ეთერში გაუშვა დეტალების ამსახველი კადრები, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პრეზიდენტს მოკლავდნენ", - წერია სტატიაში.
როგორც ჟურნალისტი წერს, ტელეარხი მაყურებელს მოვლენების მოდელირებულ ვარიანტს სთავაზობდა, მაგრამ ეს გაფრთხილება ბევრი ადგილობრივისთვის შეუმჩნეველი დარჩა: ადამიანები გამოწვეული სტრესის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ქალბატონი, რომლის ვაჟიც ჯარში მსახურობდა, გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც სტატიაში წერია, მოგვიანებით "იმედის" თანამშრომლებმა საჯაროდ ბოდიში მოიხადეს.
Time-ის აღმაშფოთებელი ტყუილების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. საქართველო - "იმედის" მოდელირებული სიუჟეტი ომზე
2. 2008 წლის აშშ-ის საარჩევნო კამპანია: გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ეშლი ტოდს ბასრი დანით თავს დაესხნენ, რადგანაც ჯონ მაკკეინის მხარდამჭერი იყო. ეშლი ამბობდა, რომ თავდამსხმელი მოუწოდებდა, "ბარაკ ობამას მხარდამჭერი გამხდარიყო". მას მოგვიანებით ფსიქიკური აშლილობა დაუდგინეს. 2 დღის შემდეგ ეშლიმ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მთელი ამბავი მოიგონა. ის მეხსიერებას კარგავდა და ვერ იხსენებდა, რა მოხდა. მართალია პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის პატიმრობას გადაურჩა, მაგრამ ფსიქიატრთან კონსულტაციები დაენიშნა.
3. 2009 წელს მსოფლიო შეძრა კოლორადოში მიმდინარე მოვლენებმა. ოჯახი ირწმუნებოდა, რომ 6 წლის ფალკონ ჰენი საჰაერო ბურთშია და ქარმა გაიტაცა. სინამდვილეში, პატარა არსად გაფრენილა და სრულიად უსაფრთხოდ სხვენში იმალებოდა. ოჯახის წევრებმა ეს ისტორია იმისთვის გამოიგონეს, რომ რეალითი შოუს პოპულარობა შეეძინა. გოგონას ძებნაში ჩართულები იყვნენ სამართალდამცავები, დაიხურა აეროპორტი, ზოგიერთი რეისი კი გადაიდო; ყველა ადამიანი კარგად მოფიქრებული, თვალთმაქცური გეგმის მსხვერპლია - მშობლებს პოპულარობა და რეალითი შოუს ფართო მასისთვის გაცნობა სურდათ. საბოლოო ჯამში, რიჩარდ ჰენი და მისი მეუღლე 6 წლით დააპატიმრეს, ხოლო ჯარიმის სახით 500 000 დოლარის გადახდა დააკისრეს.
4. აშშ-ის შტატ ორეგონში 1999 წელს KSJJ Radio-ში გამოაცხადეს, რომ კაშხალი Ochoco გასკდა და თითქოს, კაშხლის დაზიანება ახლომდებარე ტერიტორიას სახიფათო დატბორვით ემუქრებოდა. მოგვიანებით განაცხადეს, რომ ყველაფერი "ხუმრობა" იყო; შედეგად, რადიომ რეიტინგი დაკარგა.
5. 1985 წელს Sports Illustrated-მა გამოგონილი ბეისბოლის მოთამაშის, ვინმე ჰაიდენ ფინჩის ფოტო დაბეჭდა. ფინჩი ფენომენი იყო, რომელიც მარჯვენა ფეხზე წამოცმული ცალი სპორტული ფეხსაცმლით თამაშობდა და შეეძლო ბურთი საათში 168 მილის სიჩქარით ესროლა.
6. რადიოეთერში გამოაცხადეს, რომ უცხოპლანეტელები შემოიჭრნენ. როგორც ამბობენ, "ექვსმა მილიონმა ადამიანმა ინფორმაცია CBS-ით მოისმინა, 1.7-მა მილიონმა მსმენელმა იფიქრა, რომ ეს ამბავი სიმართლეა, 1.2 მილიონს კი გულწრფელად შეეშინდა".
7. ანასტასია რომანოვა რუსეთის ბოლო იმპერატორის, ნიკოლოზ II და მისი მეუღლის, ალექსანდრა ფეოდოროვნას მეოთხე ქალიშვილია. ანასტატიას რეალურობის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა წლებია არსებობდა. არსებული ინფორმაციით, ბოლშევიკებმა ოჯახის წევრებთან ერთად ის 17 წლის ასაკში დახვრიტეს. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცესამ თავს გაქცევით უშველა. ეჭვი 1991 წელს კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც მისი საფლავი გათხარეს, მაგრამ ცარიელი აღმოჩნდა. მას შემდეგ 10 ქალი ამტკიცებს, რომ გადარჩენილი პრინცესაა. მათ შორის ყველაზე აქტიური და ცნობილი ანა ანდერსონია, რომელიც სხვადასხვა გამოცემებსა და შოუებში საკუთარ ისტორიებს ყვება.
8. 1983 წელს გერმანული ყოველკვირეული ახალი ამბების სააგენტოს Stern-ის ექსკლუზივს დიდი გამოხმაურება მოჰყვა; Stern ამტკიცებდა, რომ მათ ხელში გერმანიის ფიურერის, ადოლფ ჰიტლერის დღიურები ჩაუვარდათ. სააგენტომ დოკუმენტები 6 მილიონ დოლარად შეიძინა, თუმცა მალევე კრიტიკული ცდომილების წინაშე აღმოჩნდნენ. 2 კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჰიტლერის დღიურები ყალბია, გამოყენებულია თანამედროვე ქაღალდი და 1980-იან წლებში დამზადებული მელანი. ამასთან, ტექსტი სავსეა ისტორიული უზუსტობებით. შედეგად, თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს, ნაწილი კი 42 თვით დააპატიმრეს.
9. როდესაც 1912 წელს ინგლისში Eoanthropus Dawsoni-ის, (პილტდაუნის კაცის სახელით ცნობილი), პირველი ფრაგმენტი იპოვეს, მეცნიერებმა დაიჯერეს, რომ მათ მოიპოვეს კაცობრიობის ევოლუციური განვითარების დასტური: გარდამავალი ჯაჭვი ადამიანსა და მაიმუნს შორის. შემდგომ, 40 წლის განმავლობაში ამ არქეოლოგიურ მონაპოვარზე 500-ზე მეტი სამეცნიერო ესსე დაიწერა. მაგრამ 1953 წელს გაირკვა, რომ ეს განზრახ ორგანიზებული მისტიფიკაცია იყო.
10. პაბები ხშირად არასარწმუნო ჭორების გავრცელების წყაროა ხოლმე. 1814 წელს უნიფორმაში ჩაცმული ოფიცერი, რომელიც თავს პოლკოვნიკ დიუ ბურგად ასაღებდა, ინგლისში, დუვრში ჩავიდა და ჩაიტანა ახალი ამბავი, რომ ნაპოლეონ ბონაპარტი მოკლულია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ინგლისის ომი ბურბონებთან დასრულდა. როგორც კი ეს ისტორია გავრცელდა, ლონდონის ბირჟაზე მთავრობის აქციების ფასი ავარდა. სწორედ ეს იყო თაღლითობის საფუძველი.
ჟურნალ Time-ს სტატია, სახელწოდებით - "აღმაშფოთებელი ტყუილების ტოპ-ათეული", 2010 წელს დაიბეჭდა.
მომზადებულია time.com-ის მიხედვით.